background-gigapixel (5) (3)

მიხეილ შავიშვილის გუნდი

მიხეილ შავიშვილი დაიბადა 1920 წლის 15 ოქტომბერს ოზურგეთის რაიონის სოფელ ჭანიეთში. მიხეილის სიმღერის პირველი მასწავლებელი დედა - ვერა ვაშალომიძე - შესანიშნავად უკრავდა ჩონგურსა და გიტარაზე და, რაც მთავარია, იყო კარგი მოკრიმანჭულე. კარგად მღეროდნენ მიხეილის და-ძმაც: და - ჟენია - შემდგომში მთელ გურიაში ცნობილი მოკრიმანჭულე ქალი გახდა. მიშამ სიმღერის სერიოზული გაკვეთილები ცნობილი მომღერალ-მგალობლის, ლიხაურელი მღვდლის, ნესტორ კონტრიძისაგან მიიღო. თხუთმეტი წლისამ სიმღერის დიდოსტატის ვარლამ სიმონიშვილის ყურადღებაც მიიქცია - 1936-37 წლებში მასთან სახელმწიფო ეთნოგრაფიულ გუნდში მღეროდა. აქ მან დიდი გამოცდილება მიიღო და მოკლე ხანში სწორუპოვარი მოკრიმანჭულე გახდა. სკოლის დამთავრებისთანავე მიშამ ბათუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში ჩააბარა ფილოლოგიის ფაკულტეტზე. ამავე წლიდან აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის სოლისტი-მოკრიმანჭულეა. გუნდის ლოტბარისგან - არტემ ერქომაიშვილისგან - მან ბევრი რამ შეითვისა და შეისისხლხორცა. 1941 წელს მიხეილი ფრონტზე გაიწვიეს. 1945 წლის ნოემბერში ის ბრუნდება მშობლიურ გურიაში და კვლავ აქტიურ შემოქმედებით მოღვაწეობას იწყებს. 1946-1956 წლებში ხელმძღვანელობს ჯერ ჭანიეთის საკოლემურნეო გუნდს, შემდეგ - ნასაკირალის, ლაითურის, ბოლოს კი - ოზურგეთის რაიკოოპკავშირის ანსამბლს და ყველა დათვალიერებაზე ყოველთვის პირველ ადგილს იკავებს.
მიხეილ შავიშილის ცხოვრების ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი თარიღია 1957 წელი - თბილისში ანსამბლ „შვიდკაცას“ ჩამოყალიბება (ხელმძღვანელი ჯანსუღ კახიძე); აქ იგი კონსულტანტად და სოლისტად მიიწვიეს. იმავე წელს იგი ოზურგეთის სარაიონო კულტურის სახლთან აყალიბებს ანსამბლ „შვიდკაცას“. განსაკუთრებული წარმატების ხანა 1959 წლიდან იწყება - თბილისის „შვიდკაცას“ დაშლის შემდეგ: ოზურგეთის „შვიდკაცა“ კონცერტებს მართავს საბჭოთა კავშირის ქალაქებსა და საზღვარგარეთის ქვეყნებში;
1974 წელს მიხეილ შავიშვილის თაოსნობით ჩამოყალიბდა საქართველოში პირველი ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი „კრიმანჭული“. ამან დასაბამი მისცა რაიონებში ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების შექმნას. მიხეილ შავიშვილი „შვიდკაცას“ პარალელურად სხვა ანსამბლებსაც წარმატებით ლოტბარობდა. მან შეკრიბა და აღადგინა მრავალი ქართული (გურული) ხალხური სიმღერა. 1983 წელს მას სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა. მიხეილ შავიშვილი გარდაიცვალა 1999 წელს; დაკრძალულია ოზურგეთში.