26 თებერვალს გურიაში, საჯავახოში, ხევისწყლის პირად მდებარე სოფელ ნოღაში 1887 წელს აკაკი შანიძე დაიბადა.
გიმნაზიადამთავრებული აკაკი შანიძე 1909 წელს გაემგზავრა პეტერბურგში და უნივერსიტეტის აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტზე ჩაირიცხა. 1911 წელს სტუდენტი შანიძე ფაკულტეტმა მიავლინა ფშავსა და ხევსურეთში დიალექტოლოგიური მასალების შესაგროვებლად. აკაკი ესტუმრა ვაჟა-ფშაველას სოფელ ჩარგალში და გააცნო მისვლის მიზეზი: უნდა შეეკრიბა ფშაური და ხევსურული ზეპირსიტყვიერების მასალები, შემდეგ ისინი უნდა დაემუშავებინა ენათმეცნიერული თვასაზრისით. 1915 წელს უნივერსიტეტის სამეცნიერო წრემ ივანე ჯავახიშვილის რედაქტორობით თბილისში გამოსცა სამეცნიერო კრებული, სადაც მოთავსებულია შანიძის გამოკვლევა ქართული კილოები მთაში. დანარჩენი ფოლკლორული მასალების შეკრებაზე ასე გვიამბობს თავად მეცნიერი: 1913 წელს რუსეთის მეცნიერებათა აკადემიამ მიმავლინა იმავე დიალექტოლოგიური მიზნით მთაში. ამჯერად მე მოვიარე გუდამაყარი, მთიულეთი, ხევი, პირიქით ხევსურეთი, თუშეთი და ფშავი... ტექსტები სხვადასხვა ხასიათისაა: გადმოცემები, ზღაპრები, ლექსები და სხვა.
ეს ფასდაუდებელი მასალა ჩაწერიდან 65 წლის შემდეგ დაბინავდა აკაკი შანიძისავე ხელით და გამოიცა 1984 წელს, აკაკი შანიძის თხზულებანი თორმეტტომეულის პირველ ტომში. შანიძემ სათავე დაუდო ქართული დიალექტების მეცნიერულ შესწავლას და თავისი გზის გამკვლევი ნაშრომებით ჩაგვახედა ცოცხალი, ხალხური მეტყველების უძირო ზღვაში. აკაკი შანიძე ქართული მეცნიერული ფოლკლორისტიკის ერთ-ერთი მამამთავარია და ხალხურ პოეზიაში (და არამხოლოდ) მიმობნეული მარგალიტების გამომმზეურებელი. უდიდესი რანგის მეცნიერს სიცოცხლის ბოლომდე, როგორც სკას ფუტკარი, (ყოველდღიურად მისგან გამოტანებული თაფლისთვის) გარს ეხვია ფილოლოგიის ფაკულტეტის სხვადასხვა მიმართულებით დაოსტატებული სტუდენტობა თუ ასპირანტობა... (თავს უფლებას ვაძლევთ, ჩვენი საოჯახო არქივიდან შემოგთავაზოთ ერთ-ერთი ფოტოსურათი).
ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი გულითადად ულოცავს აკაკი შანიძის ოჯახსა და სრულიად საქართველოს ამ თარიღს.
ტექსტი მოამზადა ფოლკლორის ცენტრის ზეპირსიტყვიერების ხელმძღვანელმა ეთერ თათარაიძემ