background-gigapixel (5)

სანდრო კავსაძის გუნდი

სანდრო კავსაძე - ლოტბარი, მომღერალი. დაიბადა 1874 წელს სოფელ ხოვლეში (დღევანდელი კასპის რაიონი). სიმღერა მამამ შეასწავლა, გორის სასულიერო სასწავლებელში კი სიმონ გოგლიჩიძესთან დაოსტატდა: ლოტბარმა სანდრო სასწავლებლის გუნდში თავის მოადგილედაც დანიშნა. ამავე გუნდში მღეროდა სოსო ჯუღაშვილიც (იოსებ სტალინი). თბილისის სასულიერო სემინარიის სტუდენტი, ლადო აღნიაშვილის გუნდის სოლისტად მიიწვიეს; 1893 წელს 19 წლის სანდრო გორში - ”ქართულ გუნდს” ქმნის, ხოლო 1896 წელს უკვე თბილისში აყალიბებს გუნდს. პარალელურად, ილია წინამძღვრიშვილს - ცნობილ პედაგოგსა და საზოგადო მოღვაწეს, ილია ჭავჭავაძის მეგობარს, წინამძღვრიანთკარის სასოფლო-სამეურნეო სკოლის დამაარსებელს - სანდრო კავსაძე აქ სიმღერა-გალობის მასწავლებლად მიუწვევია. დიდ ილიას, თურმე, განსაკუთრებით მოსწონდა სანდროს შესრულებული "ურმული" და "ოროველა". 1897 წელს ფოთის ქალაქის თავმა, დიდმა საზოგადო მოღვაწემ და პუბლიცისტმა ნიკო ნიკოლაძემ სანდრო ფოთში გამოიძახა და მას სახელდახელოდ გუნდის შექმნა სთხოვა. 900-იან წლებში სანდრო სონია ციციშვილზე დაქორწინდა, მაგრამ მეუღლე ადრე გარდაეცვალა და მარტომ გაზარდა სამი შვილი - გიგუშა, დათაშკა და რიტა (მარგარიტა). 1911 წელს სანდრო კავსაძემ თავისი გუნდი ძმისწულს, მოსკოვიდან ახლად დაბრუნებულ მიხეილ კავსაძეს გადასცა, თავად კი სამუშაოდ ჭიათურაში გადავიდა. ტყიბულისა და ჭიათურის მაღაროელთა გუნდების გარდა, 1911 წლიდან სანდრო კავსაძე გუნდებს აყალიბებს ჭიათურასა და ტყიბულში, საჩხერეში, ზესტაფონსა და ქუთაისში, ეწევა პედაგოგიურ საქმიანობასაც. 1935 წელს სანდრო იმერეთიდან თბილისში გადმოიყვანეს და დეკადისათვის აღმოსავლეთ საქართველოს ეთნოგრაფიული გუნდის შექმნა-მომზადება დაავალეს. მოადგილედ უმცროსი ვაჟი დათაშკა დაუნიშნეს. ქორეოგრაფიულ ნაწილს ილიკო სუხიშვილი უძღვებოდა. თბილისში დაბრუნებული სანდრო კავსაძის გუნდი მალე საგასტროლოდ ლენინგრადში მიიწვიეს. ამ პერიოდში გუნდმა ოცზე მეტი სიმღერა ჩაწერა. მალე სანდრო მძიმედ დასნეულდა და 1939 წლის 12 ივნისს გარდაიცვალა. დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე, ქართველ მოღვაწეთა პანთეონში.