კირილე პაჭკორია დაიბადა 1889 წლის 23 აპრილს წალენჯიხის რაიონის სოფელ ლიაში. პირველდაწყებითი განათლება ფოთის საქალაქო სასწავლებელში მიიღო, სადაც სიმღერა-გალობასაც ასწავლიდნენ. ფოთშივე გაიცნო კირილემ ქართული სიმღერის დიდი მოამაგე ავქსენტი მეგრელიძე, რომლის გუნდშიც ოთხი წელი იმღერა (1903-1907). მან შეისწავლა მრავალი სიმღერისა და საგალობლის ყველა ხმა. 1908 წელს პაჭკორიების ოჯახი საცხოვრებლად გუდაუთაში გადავიდა. აქ კირილე უკვე დამოუკიდებელი ლოტბარია. პარალელურად გუდაუთიდან სოხუმში ჩადის ძუკუ ლოლუას გუნდში სამღერლად. ძუკუს ძალიან მოსწონდა კირილეს ხმა და შესრულების წმინდა ხალხური მანერა. ძუკუ ლოლუასთან და რემა შელეგიასთან ერთად ტრიოში იგი მაღალ ხმას ამბობდა. 1918 წელს კირილე საცხოვრებლად თბილისში გადავიდა. 1921 წლის 9 აგვისტოს მოულოდნელად გარდაიცვალა ძუკუ ლოლუა და მის გუნდს კიწი გეგეჭკორი ჩაუდგა სათავეში, კირილე პაჭკორია კი ჯერ მოადგილედ და ადმინისტრატორად დაინიშნა, 1925 წლიდან კი ძუკუ ლოლუას სახელობის გუნდის ხელმძღვანელად. მას, ხალხური სიმღერების საუკეთესო ცოდნასთან ერთად, ხელმძღვანელობის შესანიშნავი უნარიც აღმოაჩნდა და მალე გუნდი საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე მობილურ და ორგანიზებულ მხატვრულ კოლექტივად იქცა. 1927 წელს მოსკოვში სამხატვრო-სამეცნიერო აკადემიის მიერ მოწყობილ გამოფენაზე, სწორედ ძუკუ ლოლუას სახელობის გუნდმა პირველმა გაიტანა ქართული ხალხური სიმღერა საქართველოს გარეთ ფართო მასშტაბით.
1936 წლიდან კირილე პაჭკორია ხელმძღვანელობდა დასავლეთ საქართველოს ეთნოგრაფიულ გუნდს. მის შემოქმედებით ბიოგრაფიაში ძალზე მნიშვნელოვანი თარიღია 1937 წელი, როდესაც მოსკოვში ჩატარდა საქართველოს ლიტერატურისა და ხელოვნების პირველი დეკადა, სადაც დასავლეთ საქართველოს ეთნოგრაფიულმა გუნდმა ფურორი მოახდინა. ხელოვნების ათ ცნობილ მოღვაწეთა შორის კირილე პაჭკორიასა და სანდრო კავსაძესაც შრომის წითელი დროშის ორდენი მიენიჭათ. დეკადის შემდეგ გუნდმა კონცერტები გამართა სსრკ სხვადასხვა ქალაქებში;
1939 წლის ბოლოს აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს სახელმწიფო ეთნოგრაფიული გუნდები გაერთიანდნენ ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლად. 1940 წლიდან კირილე პაჭკორია ამ ანსამბლში დასავლეთ საქართველოს ხალხური სიმღერის ფრთის ერთ-ერთი დირიჟორია. ათეული წლების მანძილზე მან მრავალი მომღერალი და ლოტბარი აღზარდა.
1946 წელს კირილე პაჭკორიას მიენიჭა საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება. იგი გარდაიცვალა 1967 წლის 28 თებერვალს. დაკძალულია თბილისში.