ავქსენტი მეგრელიძე დაიბადა 1877 წელს სოფელი ხრიალეთში (ოზურგეთის რაიონი). დაამთავრა ქ. ქუთაისის სასულიერო სემინარია 1898 წელს. სწავლისას ის მუსიკისადმი დიდ ინტერესს იჩენდა, გარდა იმისა, რომ გუნდში მღეროდა კორნელი მაღრაძის ხელმძღვანელობით, ეცნობოდა კიდეც სანოტო ანბანს; 1893 წელს მუშაობა დაიწყო ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში, სადაც სხვა საგნებთან ერთად სიმღერა-გალობას ასწავლიდა; პარალელურად იგი ქალაქის პირველ დაწყებით სკოლაში და ქალთა პროგიმნაზიაში მოღვაწეობდა; 1897–1898წწ. ხელმძღვანელობდა ქუთაისის სასულიერო სემინარიის გუნდს; 1898 წლიდნ ეწეოდა სალოტბარო და პედაგოგიურ მოღვაწეობას, ჯერ დასავლეთ საქართველოში, შემდეგ კი თბილისში; 1900 წლიდან იგი ფოთში საეკლესიო გუნდს ლოტბარობდა და თან პედაგოგიურ მუშაობას ეწეოდა; აქვე ჩამოაყალიბა ქართული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი; მრავალი წლის მანძილზე უანგაროდ ხელმძღვანელობდა ანსამბლს, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა მთელ საქართველოში; 1913 წლის ნოემბერში ანსამბლმა აქტიური მონაწილეობა მიიღო დიდი მსახიობის ლადო მესხიშვილის პატივსაცემად ფოთში გამართულ იუბილეზე; 1917 წელს ფოთში მცხოვრებ საზოგადო მოღვაწეთა ინიციატივით ჩამოყალიბდა მომღერალთა ოცდაათ კაციანი გუნდი, რომელსაც სათავეში ავქსენტი მეგრელიძე ჩაუდგა; მას დიდი დამსახურება მიუძღვის ქართული ხალხური საკრავების მოძიების, შესწავლისა და განვითარების საქმეში; 1927 წელს სუფსაში, ხოლო 1933 წელს თბილისში დააარსა მეჩონგურე ქალთა ანსამბლი, რომელიც წარმატებით ასრულებდა მის მიერ დამუშავებულ ხალხურ სიმღერებს, მასში ოცამდე ქალი მღეროდა; 1940-1946წწ. ის იყო სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის ინსტრუმენტული ჯგუფის ხელმძღვანელი; მისი ხელმძღვანელობით ნაყოფიერად მოღვაწეობდა საქართველოს რადიოკომიტეტთან არსებული ქართული ხალხური სიმღერის გუნდი; ავქსენტი მეგრელიძემ შეკრიბა და ჩაწერა მრავალი ქართული ხალხური სიმღერა (კერძოდ გურული). 1946 წელს ქართულ ფოლკლორისტიკაში შეტანილი წვლილისათვის მას საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭა. დაჯილდოვდა „საპატიო ნიშნის“ ორდენით. ავქსენტი მეგრელიძეს გარდაიცვალა 1953 წელს. დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე. აქვსენტი მეგრელიძის მიერ ჩამოყალიბებულ სიმღერისა და ცეკვის ანსამბლს მისი გარდაცვალების შემდეგ ორი ათეული წლის მანძილზე ჩინებულად ხელმძღვანელობდა ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, ლოტბარი მიხეილ ხავთასი. ანსამბლში წლების განმავლობაში მოღვაწეობდა ცნობილი ქართველი მომღერალი ძუკუ ლოლუა. აქ მღეროდნენ ქართული სიმღერის ოსტატები: ვ. გუგუშვილი, ძმები ქოიავები, გ.აბრალავა, რ.მიმინოშვილი და სხვები.