კრებულში შეჯერდა და გაერთიანდა ქართლური მუსიკალური ფოლკლორის სვანიძისეული გამოცემული და გამოუცემელი სანოტო ნიმუშები და თქმულება-გადმოცემები; შეივსო და დაზუსტდა გიორგი სვანიძის ბიოგრაფია; გაცოცხლდა 1916-1950 წლებში ქართლსა და კახეთში მცხოვრებ ეთნოფორთა სახელები. ამ კრებულით აღდგება და საშემსრულებლო პრაქტიკაში კვლავ დამკვიდრდება მივიწყებული ქართლური სიმღერები და მათი ვარიანტები; გამომზეურდება აქამდე უცნობი სანოტო და დოკუმენტური მასალა; საზოგადოება უფრო სრულყოფილად გაიცნობს გიორგი სვანიძის - კომპოზიტორის, ლოტბარისა და ფოლკლორისტის - ღვაწლსა და დამსახურებას.
