background-gigapixel-5-6 (4) (1)

დები იშხნელები

დები იშხნელები XX საუკუნის დასაწყისში ქუთაისში, ბაგრატის ტაძართან ახლოს ისტორიულ უბანში დაიბადნენ, გიორგი იშხნელის ოჯახში. თავდაპირველად, სამოყვარულო დონეზე, ოჯახის 7 წევრი უკრავდა და მღეროდა სხვადასხვა ქართულ ქალაქურ სიმღერას. ოჯახური ანსამბლი ფართოდ იყო ცნობილი იმდროინდელ ქუთაისურ ინტელიგენციაში და საზოგადოების დიდი სიყვარულითაც სარგებლობდნენ. დებს პირვე-ლად ქუთაისის გიმნაზიაში უმღერიათ, რის შემდეგაც, დიდ გალაკტიონს, თეატრში, ერთ-ერთ საიუბილეო საღამოზე მიუწვევია. მაშინ ჯერ კიდევ გიმნაზიის მოწაფეები ყოფილან და სცენაზე დგომა ეკრძალებოდათ, თანაც იმ დროისთვის ქალთა ანსამბლები არ არსებობდა, მხოლოდ ვაჟთა გუნდები იყო. იმდენად დიდი იყო მათში სიმღერის მიმართ სიყვარული, რომ კონცერტზე მაინც წასულან, დარბაზში შუქი ჩაუქრიათ და ოთხი სიმღერა ისე შეუსრუ-ლებიათ. მათი ხმები, რა თქმა უნდა, შეუმჩნეველი არავის დარჩა და გიმნაზიიდან გარი-ცხვით დაემუქრნენ. დების მშობლები გიმნაზიის მმართველს დაჰპირდნენ, რომ ბავშვებს სცენაზე აღარასდროს გაუშვებდნენ და ამ პირობით დააბრუნეს ისინი გიმნაზიაში. თუმცა, ამის შემდეგ დაიწყო მათი სასცენო კარიერა, საყვარელი საქმე - სულზე უტკბესი ჰანგების შექმნა განაგრძეს და საყოველთაო აღიარება და ხალხის განუზომელი სიყვარული მოიპოვეს.
ანსამბლი ოფიციალურად ჩამოყალიბდა 1941 წელს. იმავე წელს საქართველოს ფილარმონიამ ანსამბლი კონცერტებში მონაწილეობისათვის მიიწვია. ვოკალური კვარტეტის შემადგენლობაში იყვნენ დები: ნინო, თამარი, ზინაიდა და ალექსანდრა იშხნელები. 1955 წლიდან ალექსანდრა შეცვალა მისმა დამ მარიამმა. ანსამბლს ხელმძღვანელობდა თამარ იშხნელი. იგი რამდენიმე სიმღერის მუსიკის ავტორიცაა: „არც ჰოს ამბობს, არც არას“, „შენ აყვავდი, ქართლო მეტად“, „ახალი წელი“, „არ დაიჯერებ“ და სხვა. მეორე მსოფლიო ომის წლებში იშხნელების კვარტეტი სამხედრო ნაწილებში მართავდა კონცერტებს. 1949 წელს იშხნელებს მიენიჭათ საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებულ მოღვაწეთა წოდება. 1965 წელს მარიამ იშხნელს - საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტის წოდება, ხოლო 1976 წელს თამარ იშხნელს საქართველოს სსრ სახალხო არტისტის წოდება. კვარტეტმა იარსება 1967 წლამდე. თამარ იშხნელი კი 1972 წლიდან მსმენელის წინაშე წარდგა, როგორც ქართული და ძველი რუსული რომანსების შემსრულებელი.
იმ ქუჩას ქუთაისში, სადაც მათი სახლი დგას და სადაც ისინი გაიზარდნენ, 2006 წლიდან „დები იშხნელების“ ქუჩა ჰქვია. ასევე 2006 წელს ქალაქის ცენტრალურ ბულვარში დაიდგა მათი ქანდაკება, სადაც მომღერალი გოგონები გიტარებით ხელში არიან გამოქანდაკებულნი.
დიდია იშხნელების როლი ქართული სამხმიანი ქალაქური სასიმღერო ფოლკლორის დახვეწის, რეპერტუარის გამდიდრებისა და პროპაგანდის საქმეში.