background-gigapixel-5

გიგო ერქომაიშვილის გუნდი

გიგო ერქომაიშვილი დაიბადა 1840 წელს, აკეთში (მაშინდელი ოზურგეთის მაზრა). მისი პირველი მასწავლებელი მამა - ივანე ერქომაიშილი - იყო, მოგვიანებით კი აკეთელ მომღერლებთან დაოსტატდა. 1870-იან წლებში დაუახლოვდა ცნობილ ლიხაურელ მგალობელ-მომღერალს, საზოგადო მოღვაწეს, მღვდელს - ნესტორ კონტრიძეს, რომლისგანაც მრავალი საგალობელი შეისწავლა. 20 წლის გიგო გიორგი ბაბილოძესთან (გამყივანი) და გიორგი იობიშვილთან ერთად ქმნის ტრიოს, რომელიც ცნობილი ხდება მთელ გურიაში. მოგვიანებით მათ შეემატათ ივლიანე კეჭაყმაძე, ნანიკო ბურძგლა, ერმილე მოლარიშვილი. ისინი სხვადასხვა სოფელში მოსმენილი სიმღერების საკუთარ ვარიანტებს ქმნიდნენ. ასე უნდა დამკვიდრებულიყო, მაგალითად, “ალიფაშას” ერთ-ერთი ვარიანტი ჯერ გიგოს ანსამბლის რეპერტუარში, ხოლო შემდეგ მთელ გურულ ფოლკლორში (ეს სიმღერა მათ პირველად ქობულეთში, სოფელ ქაქუთში, ქორწილში მოუსმენიათ ხუცუბნელი მომღერლებისაგან).
1907 წლის თებერვალში, ლიხაურელი მასიკო სალუქვაძის ინიციატივითა, რომელიც თბილისში შეძლებულად ცხოვრობდა, ბრიტანეთის სააქციო საზოგადოება “გრამაფონის” წარმომადგენლებმა ფრედ და ვილი გეისბურგებმა ხმის ჩამწერ სტუდიაში ჩაწერეს და გრამფირფიტებზე გამოსცეს გიგოს ანსამბლის 49 სიმღერა. 1918 წელს გიგო, ანანია, არტემ და ლადიკო ერქომაიშვილებს, გიორგი ბაბილოძეს, ნესტორ კონტრიძეს კვლავ თბილისში იწვევენ. ორმოცი დღის მანძილზე მათგან სიმღერებს იწერდნენ მელიტონ ბალანჩივაძე, დიმიტრი არაყიშვილი, ია კარგარეთელი, კოტე მეღვინეთუხუცესი, კოტე ფოცხვერაშვილი, ანდრია ბალანჩივაძე; იმავდროულად ერქომაიშვილები კვირაობით ქაშუეთის ეკლესიაშიც გალობდნენ. 1921 წელს არტემ ერქომაიშვილი ბათუმში აყალიბებს ანსამბლს, რომელშიც გაერთიანდნენ გიგო, არტემ, ანანია და ლადიკო ერქომაიშვილები, გიორგი ბაბილოძე, დიმიტრი და ილარიონ პატარავები, აკაკი ბასილაშვილი, სერაფიონ ვაშალომიძე, ალიოშა წივწივაძე. ამ გუნდმა 1927 და 1929 წლებში გამართულ რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე გაიმარჯვა, 1930 წელს კი დიდი წარმატებით იმოგზაურა ლენინგრადში. 100 წელს მიტანებული მოხუცების გიგო ერქომაიშვილისა და გიორგი ბაბილოძის ხმები ფილფონიგრაფზე ჩაიწერეს ცნობილმა ფოლკლორისტმა ევგენი გიპიუსმა და შვედმა მუსიკოსმა ერნსტ ემსჰაიმერმა. მათ, როგორც გუნდის, ასევე თითოეული მომღერლის ხმა ცალ-¬ცალკე ჩაწერეს.1930 წელს გარდაიცვალა გიორგი ბაბილოძე. გიგომ თავისი სულიერი ძმისა და ცოლიძმის გარდაცვალება ძალიან განიცადა. 1931-32 წლებში გარდაიცვალნენ “გურიის ბულბულად” წოდებული სამუელ ჩავლეიშვილი და მომღერალ-მგალობელი ნესტორ კონტრიძე (ბანი). გიგოს მწუხარება იმ ეპოქის დასრულებას მოასწავებდა, სადაც მისი ხელოვნება დაიბადა. თუმცა მას სიმღერა სიცოცხლის ბოლომდე არ შეუწყვეტია. 1934 წელს, ერქომაიშვილების ტრიომ - გიგოს, არტემის და მისი თორმეტი წლის ვაჟის დავითის შემადგერნლობით - ოლიმპიადაზე წარმატება მოიპოვა. არსებობს ჩანაწერი გრამოფონის ფირფიტაზე - სიმღერა “ადილა”: წყება - 94 წლის გიგო, გამყივანი - 12 წლის დავითი, ბანი - არტემი. თავის დროზე გიგო ერქომაიშვილისგან სიმღერა-გალობა ბევრმა შეისწავლა: გიორგი და დიმიტრი აბაშმაძეებმა, ალმასხან ჭანუყვაძემ, ალმასხან ინგოროყვამ, შამა ბერაძემ... გიგო შესანიშნავი მენადურეც ყოფილა - მასთან „ნადურის“ შესწავლის მოსურნეთა “ცოცხალი რიგი” მდგარა.
გიგო ერქომაიშვილი 1947 წლის 10 ოქტომბერს 107 წლის ასაკში გარდაიცვალა. დაკრძალულია მაკვანეთის სასაფლაოზე, ეკლესიის ეზოში, გალავნის შიგნით.