background-gigapixel (5) (1)

ფირუზ მახათელაშვილის გუნდი

ფირუზ მახათელაშვილი (1914-1970) - ლოტბარი. დაიბადა 1914 წლის 10 ნოემბერს, თელავის რაიონის სოფელ კურდღელაურში. ხალხური სიმღერა ბავშვობიდანვე შეიყვარა. 1936 წელს თბილისში დაამთავრა საშუალო სამუსიკო სასწავლებელი და ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტზე. 1939 წელს თელავში გაიწვიეს ეთნოგრაფიული გუნდის აღსადგენად. 25 წლის ნიჭიერმა ახალგაზრდამ თელავის გუნდის უძველესი და დიდებული ტრადიციები ღირსეულად გააგრძელა. უნიკალური მონაცემებისა და ალღოს მქონე ლოტბარს ზუსტად შეეძლო მომღერლის შესაძლებლობების შეფასებაც და სიმღერების საუკეთესო ვარიანტების დამკვიდრებაც. მისი დამსახურებაა კახური სიმღერის დიდოსტატების - გიორგი ამუზაშვილის, გიორგი ფეიქრიშვილისა და შაქრო ლომიძის - საშემსრულებლო ტალანტისა და გენიალობის გამომჟღავნება. ლომიძე-ამუზაშვილ-ფეიქრიშვილის დუეტები ნამდვილ ლეგენდად შემორჩა თელავის გუნდსა და კახურ სიმღერას. მახათელაშვილის გუნდი სამი ათეული წლის მანძილზე კახური სიმღერების შემსრულებელი საუკეთესო გუნდი იყო. ლოტბარი და პედაგოგი, იგი არაერთი სიმღერის ავტორიცაა, რომელთაგან დღემდე პოპულარულია “ნუ გიყორს, ქალავ”. ფირუზ მახათელაშვილი გარდაიცვალა 1970 წელს. დაკრძალულია თელავში.