background-gigapixel (5) (2)

ფილიმონ ქორიძე

ფილიმონ ქორიძე დაიბადა 1835 წელს სოფელ გამოჩინებულში, მღვდელ იესე ქორიძის ოჯახში. დაწყებითი განათლება მამის მეგობრისგან, მღვდელ იაკინთესაგან მიიღო, ისწავლა წერა, წმინდა წერილი, დავითნი, სამოციქულო, ჟამნი, სახარება, არითმეტიკა. 1853 წელს ფილიმონ ქორიძე ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში ჩაირიცხა. მას ყველაზე მეტად საეკლესიო გუნდში გალობა იზიდავდა. 1855 წლიდან ის თბილისის სასულიერო სემინარიაში აგრძელებს სწავლას, 1858 წელს კი საეგზარქოსოში საქმეთა მწარმოებლად და სიონის საკათედრო ტაძარში მგალობლად ინიშნება. ამ პერიოდში ერთმა მოულოდნელმა შეხვედრამ ფილიმონის ცხოვრების გეზი შეცვალა: მან თბილისში სტუმრად მყოფი იტალიელი დირიჟორი გაიცნო, რომელმაც მისი შესანიშნავი ბანით აღფრთოვანებულმა, ახალგაზრდა მგალობელს საოპერო სიმღერის შესასწავლად იტალიაში წასვლა შესთავაზა. ამის განხორციელებაში მას ახლადშერთული მეუღლის ფინანსურად შეძლებული ოჯახი დაეხმარა. ფილიმონი ვოკალურ ხელოვნებას მილანში დაეუფლა ფ.რონკონის ხელმძღვანელობით. მღეროდა „ლა სკალაში“... მოულოდნელად,1870 წელს მეუღლე გარდაეცვალა და დროებით სამშობლოში დაბრუნდა. 1872 წელს ის მიიწვიეს პეტერბურგის საიმპერატორო თეატრში. ამ პერიოდში დაუახლოვდა თავის მომავალ მეუღლეს, უკრაინელ ზინაიდა ვორობეცს, რომელიც მომავალში ფილიმონის უერთგულესი თანამდგომი და შემწე გახდა. 1873-1874 წლებში ის ცოლთან ერთად კვლავ იტალიას დაუბრუნდა. გასტროლებით შემოიარა ევროპისა და სამხრეთ ამერიკის მრავალი საოპერო სცენა. იტალიურმა პრესამ ფილიმონ ქორიძე იტალიის საუკეთესო ბანად აღიარა. მისი წარმატებების შესახებ იმ პერიოდის ქართული პრესაც წერდა. 1881 წელს ფილიმონ ქორიძე ოჯახთან ერთად საქართველოში ბრუნდება. თბილისის საოპერო თეატრში ნაკლები ინტენსივობით მოღვაწეობს, სამაგიეროდ, აქტიურად ერთვება ეროვნული საეკლესიო გალობისა და ხალხური სიმღერის დაცვა-აღორძინების საქმეში. XIX საუკუნეში რუსეთის იმპერიული ხელისუფლება და არაკანონიკური საეგზარქოსო-საეკლესიო მმართველობა ებრძოდა ყოველივე ეროვნულს, მათს შორის ქართულ გალობასა და სიმღერას. ქართული ტრადიციული გალობის მცოდნე ძალიან ცოტა იყო დარჩენილი - ძირითადად მოხუცი მგალობლები. ფილიმონმა დაინახა რა აუცილებლობა, გადაწყვიტა ნოტებზე ჩაეწერა ძველი გალობის კილოები. 1882 წელს მან მელქისედეკ ნაკაშიძესა და ნესტორ კონტრიძესთან ერთად დაიწყო ქართული საგალობლების გურული კილოს ნოტებზე გადატანა. აკაკი წერეთლისაგან და მელიტონ ბალანჩივაძისგან კი საგალობლების ზემო იმერულ კილოს იწერდა. საქმე იდენად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, რომ ფილიმონ ქორიძემ საოპერო კარიერა მიატოვა და უცხოეთშიც აღარ წასულა.
1884 წლის ნოემბერში იმერეთის ეპისკოპოსის გაბრიელ ქიქოძის ინიციატივითა და იმერეთის სამღვდელო კრების გადაწყვეტილებით, ფილიმონმა დაიწყო ბასილი დიდის წირვის, იოანე ოქროპირის წირვის და სხვა საგალობლების ნოტებზე გადატანა. საგალობლებს დიმიტრი ჭალაგანიძისგან, რაჟდენ ხუნდაძისგან და სხვათაგან იწერდა. 1887 წელს ფილიმონ ქორიძემ ეპისკოპოს გაბრიელს 400 საგალობლისგან შემდგარი კრებული ჩააბარა.
1889 წელს ფილიმონს მეორე მეუღლეც გარდაეცვალა. მეგობრების რჩევით საცხოვრებლად თბილისში დაბრუნდა. 1893 წელს მაქსიმე შარაძის, არისტო ქუთათელაძისა და ექვთიმე თაყაიშვილის ინიციატივით იგი ოზურგეთში მიემგზავრება საგალობლების ჩასაწერად. მათვე შეუძინეს ფისჰარმონია, რომლითაც ის სოფელ-სოფელ დადიოდა და იწერდა ძველ საგალობლებს. ძირითად სამუშაოს ანტონ დუმბაძესთან ერთად ასრულებდა. ანტონ დუმბაძე ხანდახან მასთან ახალგაზრდა ვარლამ სიმონიშვილსაც აგზავნიდა. 1897 წლის დასაწყისში ფილიმონმა გურიაში კონცერტი გამართა, რომელშიც მის მიერ შედგენილი გუნდი მონაწილეობდა. 1908 წელს საგალობლების ჩაწერის მიზნით ის კვლავ ჩავიდა ოზურგეთში. ამჯერად მელქისედეკ ნაკაშიძესთან დაბინავდა. ამ უკანასკნელთან ასევე ცხოვრობდნენ და გალობას ეუფლებოდნენ არტემ ერქომაიშვილი, დიმიტრი პატარავა, სამუელ თოიძე, მოსე ჭელიძე და კონსტანტინე სალუქვაძე. გურიაში ფილიმონ ქორიძემ სულ 5532 საგალობელი ჩაიწერა და 12 ვრცელი ალბომი შეადგინა.
1895-1911 წლებში ფილიმონ ქორიძემ გამოსცა საგალობლების ექვსი კრებული და წიგნი - „სახელმძღვანელო ნოტებისა და მისი კანონების შესწავლისათვის“(1895). ის ოცნებობდა ქართული ხალხური მუსიკის უფრო კვალიფიციურ ჩაწერასა და დამუშავებაზე. ამ მიზნით დაუკავშირდა კიდეც იტალიელ ოსტატებს, რომლებმაც სიამოვნებით მიიღეს მისი წინადადება, მაგრამ ეს ვერ განხორციელდა ფილიმონის გარდაცვალების გამო. იგი გარდაიცვალა 1911 წელს. დაკრძალეს ოზურგეთის ბაღში, სადაც იდგა ეკლესია. ამჟამად საფლავი დაკარგულია.
ფილიმონ ქორიძის ხელნაწერები დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. მისმა მოსწავლემ, შემდგომში ქართული საეკლესიო საგალობლების მოამაგემ და საზოგადო მოღვაწემ წმინდა ექვთიმე აღმსარებელმა, ერისკაცობაში ესტატე კერესელიძემ, ხელნაწერები გადაარჩინა, გადაწერა, სისტემატიზაციაში მოიყვანა და გაამდიდრა კიდეც ახალი მასალით.
ფილიმონ ქორიძე ეკლესიისა და სამშობლოს წინაშე გაწეული ღვაწლისა და თავდადებისათვის, საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდმა, 2011 წლის 20 დეკემბერს წმინდანთა დასში შერაცხა, წოდებით - წმიდა ფილიმონ მგალობელი, ერისათვის თავდადებული!