არტემ ერქომაიშვილი - ერქომაიშვილთა გვარის ღირსეული წარმომადგენელი. დაიბადა 1887 წელს, ოზურგეთის რაიონის სოფელ მაკვანეთში. 1908 წელს არტემი დიდი მგალობლის მელქისედეკ ნაკაშიძის ხელმძღვანელობით იწყებს გალობის შესწავლას. იშვიათი ნიჭის წყალობით, მან 200-მდე საგალობლის სამივე ხმა შეისწავლა. მალევე არტემი მარტვილის მონასტერში იგზავნება გალობის მასწავლებლად. 1917 წელს დაბრუნდა გურიაში და შეუამხანაგდა უკვე სახელგანთქმულ ვარლამ სიმონიშვილს, მასთან ერთად შეკრიბა სოფლებიდან მომღერლები და კონცერტებს მართავდნენ დასავლეთ საქართველოში. ერთი წლის შემდეგ არტემი გამოეყო ვარლამს და სოფლებში ასწავლიდა სიმღერა-გალობა. 1921 წელს მან ჩამოაყალიბა გუნდი ოჯახის წევრების, ნათესავებისა და მეზობლებისაგან: გიგო, ანანია, არტემ, ვლადიმერ ერქომაიშვილები, გიორგი ბაბილოძე, დიმიტრი და ილარიონ პატარავები, აკაკი ბასილაშვილი, სერაფიონ ვაშალომიძე, ალიოშა წივწივაძე. 1925 წლიდან არტემი ბათუმის ნავსადგურის მტვირთავი მუშების გუნდს ხელმძღვანელობდა, სადაც ხშირად იწვევდა 90 წელს მიტანებულ გიგოს და გიორგი ბაბილოძეს. აქვე მღეროდნენ მამა-შვილი ალი და ქამილ ტაკიძეები, ილიკო სიხარულიძე, ივანე კოპლატაძე, ვალოდია გიორგაძე, გიორგი ბურჭულაძე, ხასან როყვა, ვალოდია ფოცხიშვილი, აკაკი ცინცაბაძე, ნესტორ ჯიბლაძე და სხვები. ამ გუნდს 1927 წელს ქუთაისში გამართულ პირველ ოლიმპიადაზე უმაღლესი ჯილდო მიეკუთვნა. 1930 წელს არტემ ერქომაიშვილის, კირილე პაჭკორიას და მიხა ჯიღაურის გუნდები საგასტროლოდ მიემგზავრებიან მოსკოვში, ლენინგრადსა და ხარკოვში. ლენინგრადში არტემის გუნდისგან ჩაიწერეს სიმღერები ფილფონოგრაფზე, როგორც ცალ-ცალკე ხმები, ისე სამ ხმაში (1960-იან წლებში ეს ჩანაწერები მისმა შვილიშვილმა ანზორ ერქომაიშვილმა აღმოაჩინა ”პუშკინის სახლში” და მაგნიტოფირზე გადმოწერილი, თბილისში ჩამოიტანა). 1934 წელს ოლიმპიადაზე ერქომაიშვილების ტრიო - დამწყები - 94 წლის გიგო (არტემის მამა), გამყივანი - 12 წლის დავითი (არტემის შვილი), ბანი – არტემი - წარმატებით გამოვიდა.
1930-32 წლებში სამი დიდი მომღერალი გარდაიცვალა – გიორგი ბაბილოძე, სამუელ ჩავლეიშვილი და ნესტორ კონტრიძე. არტემმა გულისტკივილი გამოთქვა ლექსით ”დავკარგეთ სამი მომლხენი”, რომელზეც შემდეგ სიმღერაც ააგო. 1934 წლიდან არტემის სახელი აჭარის გუნდს დაუკავშირდა, რომელიც მალე აჭარის ასსრ სახელმწიფო ეთნოგრაფიულ გუნდად გადაკეთდა, ხოლო 1941 წელს აჭარის ასსრ სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი ეწოდა. პარალელურად მას 1943 წელს მაკვანეთის გუნდის ხელმძღვანელადაც იწვევენ. 1951 წელს ინიშნება მახარაძის კულტსახლის ანსამბლის ხელმძღვანელად. ამავე წელს არტემს საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭა.
1965 წელს თბილისის კონსერვატორიაში, ფოლკლორის კათედრაზე, არტემ ერქომაიშვილისგან ჩაიწერეს 105 საგალობლის სამივე ხმა. მათი ნაწილი კახი როსებაშვილმა გაშიფრა და გამოსცა 1968 წელს, ნაწილი – დათო შუღლიაშვილმა 2002 წელს.
არტემ ერქომაიშვილი 1967 წლის 2 თებერვალს გარდაიცვალა 80 წლის ასაკში. დაკრძალულია მაკვანეთის სასაფლაოზე, ეკლესიის გალავნის შიგნით.