background-gigapixel (5)

ხუხუნაიშვილები (აკეთის გუნდი)

სოფელ ზემო აკეთის მომღერალთა გუნდ „შვიდკაცას“ მეორენაირად ხუხუნაიშილების გუნდს უწოდებენ, რადგან 7 მომღერლიდან 5 ხუხუნაიშვილი იყო. გუნდის ორგანიზატორი და ხელმძღვანელი კოწია ხუხუნაიშვილი, ალმასხანთან ერთად კრიმანჭულის ერთ-ერთი საუკეთესო შემსრულებელი, დაიბადა აკეთში 1872 წელს, გლეხის ოჯახში. გურული სიმღერა-გალობა ჭანჭათელი გლეხის პავლე ჩიჩუასაგან უსწავლია. კოწია ხუხუნაიშვილმა შემოიკრიბა ნიჭიერი თანასოფლელები და 1912-1913 წელს შექმნა სოფელ ზემო აკეთის ანსამბლი „შვიდკაცა“, რომელშიც მღეროდნენ: თავად კოწია, ალმასხან, ბესარიონ, იოსებ, რაჟდენ ხუხუნაიშვილები, სერაპიონ კუკულავა და ზაქარია ფიფაიშვილი. კოწია ხუხუნაიშვილს ახლო მეგობრობა და შემოქმედებითი ურთიერთობა ჰქონდა გურული სიმღერების ცნობილ შემსრულებლებთან: ვარლამ სიმონიშვილთან, გიორგი ბაბილოძესთან, ერმალო სიხარულიძესთან, ვლადიმერ ბერძენიშვილთან, ალექსანდრე მახარაძესთან, ევგენი კოროშინაძესთან, ძმებ ერქომაიშვილებთან, ილიკო მორჩილაძესთან და სხვებთან. იგი ყოველთვის ესწრებოდა შეკრებებს, სადაც ხდებოდა ხოლმე ამა თუ იმ სიმღერის ვარიანტების გაცნობა და შეჯერება. კოწია ჩონგურზე დაკვრითაც ყოფილა ცნობილი. იგი დაკვრის დროს სიმღერის გარკვეულ მონაკვეთებში მარჯვენა ხელით პირჯვარს იწერდა, და იმავდროულად, მარცხენით სიმებზე თითების დაჭერასაც და ამოკვრასაც ისე ახერხებდა, რომ ჩონგური სრულყოფილ ჟღერადობას არ კარგავდა. კოწია ხუხუნაიშვილი ნადური სიმღერების მცოდნეც ყოფილა, ნადურის ლექსებს თხზავდა. კოწიას ჰქონდა ერთი საოცარი უნარი: მას აბსოლუტური სიზუსტით შეეძლო ჩიტების გალობისა და ჭიკჭიკის იმიტირება.
ჰქონდა დიდი ოჯახი, და თითქმის ყველა მღეროდა. კოწია ხუხუნაიშვილი გარდაიცვალა 1941 წელს.
ალმასხან ხუხუნაიშვილი (1885 - 1930) იყო კოწიას ბიძაშვილი, კრიმანჭულის ერთ-ერთი საუკეთესო შემსრულებელი. საოცრად აქვს შესრულებული „ხასანბეგურას“ კრიმანჭული. ერთხელ, როდესაც აკეთს ზაქარია ფალიაშვილი სტუმრობდა, ალმასხანს თურმე იმდენჯერ გაამეორებინა ხასანბეგურაში "კარკაციანი" (სიცილიანი) ვარიანტი, რომ ხმა ჩაეხლიჩა.
ბესარიონ ხუხუნაიშვილი (1883 - 1942) მღეროდა "შვიდკაცას" ტრიოში. ჰქონდა ძლიერი ხმა, ვაჟკაცური ტემბრი, ფართო დიაპაზონი და იმპროვიზაციის საოცარი უნარი.ბესარიონ ხუხუნაიშვილი არაფრით ჩამოუვარებოდა ისეთ ბანებს, როგორებიც იყვნენ: ილარიონ ჩავლეიშვილი, ნესტორ კონტრიძე, არტემ ერქომაიშვილი, ვლადიმერ ბერძენიშვილი, ვარლამ სიმონიშვილი.
ესოფი ხუხუნაიშვილი (1870 – 1961) - პირველი და მეორე ხმის საუკეთესო შემსრულებელი და ნადურის წინამძღოლი - მთქმელი. იგი სოფლის ახალგაზრდებს ასწავლიდა სიმღერას. სწავლების მეთოდიც საკუთარი ჰქონდა: ჯერ მთქმელის პარტიას ასწავლიდა, მერე დანარჩენ ხმებს. ჯერ მარტივ ვარიანტს შეაჩვევდა, შემდეგ თანდათან გაართულებდა და ასე თანდათან აზიარებდა იმპროვიზაციის ხელოვნებას.
რაჟდენ ხუხუნაიშვილი (1879 - 1969), ზაქარია ფიფაიშვილთან ერთად, ბანს მღეროდა „შვიდკაცა“-ს გადატანილში.
სერაპიონ კუკულავას შესახებ, ნაკლები ცნობებია შემონახული, ვიცით მხოლოდ ის, რომ კუკულავები სოფელ ჩიბათიდან იყვნენ წარმოშობით და შემდგომ ყოფილან ჩამოსახლებული აკეთში.
ზაქარია ფიფაიშვილი (გარდ. 1937-38) იყო რაჟდენ ხუხუნაიშვილის დის ქმარი. მისი ინიციატივით, თბილისში, პირველ ხმის ჩამწერ სტუდია „ამურ-რიგა“- ში ანსამბლ შვიდკაცას მიერ ჩაწერილ იქნა გურული სიმღერები.