საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მრავალფეროვანი შემოქმედებითი საქმიანობა მოიცავს: ქართული ხალხური მუსიკის, ქართული ტრადიციული გალობის, ზეპირსიტყვიერების, ქორეოგრაფიის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მიმართულებებს.
ქართული ხალხური მუსიკის მიმართულების პრიორიტეტებია: ხალხური მუსიკალური ნიმუშების მოძიება და დამუშავება, კვლევა და პოპულარიზაცია; კომპლექსური ექსპედიციების მოწყობა, მომღერლების, ლოტბარების, ხალხურ საკრავთა ოსტატ-შემსრულებლების შემოქმედებითი ბიოგრაფიების, დოკუმენტური და ფოტომასალების მოძიება-სისტემატიზაცია. საექსპედიციო და აუდიო მასალების გაშიფრვა; მონოგრაფიების შედგენა და გამოსაცემად მომზადება; სანოტო კრებულების შედგენა-და რედაქტირება.
ქართული ტრადიციული გალობის მიმართულების მიზანია: ქართული ტრადიციული გალობის კვლევა-ძიება, პოპულარიზაცია, კონსულტაციების გაწევა მგალობლებისა და სასულიერო პირებისათვის; სხვადასხვა ინსტიტუტსა და დაწესებულებაში დაცული გალობის ხელნაწერი დედნების გადაღება და მათი ბეჭდვა თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკით; საარქივო აუდიომასალის გაშიფვრა, რედაქტირება და გამოსაცემად მომზადება; გალობის კრებულების გამოცემა.
ზეპირსიტყვიერების მიმართულება საქმიანობა მოიცავს: ქართული მითოლოგიის, ზღაპრების, ლეგენდების, გადმოცემების, თქმულებების, ეპოსის, ანდაზების და ზეპირსიტყვიერების სხვა ნიმუშების შემკრებლობით საქმიანობას, სამეცნიერო კვლევას, გამოცემას და პოპულარიზაციას.
ქართული სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მიმართულება საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა ჟანრისა და თემატიკის მიხედვით, აერთიანებს ხალხურ ოსტატებსა და თვითნასწავლ მხატვრებს; სისტემატურად აწყობს პერსონალურ და საქართველოს სხვადასხვა კუთხის ტრადიციული ყოფის ამსახველ გამოფენებს.
ქართული ქორეოგრაფიული ხელოვნების მიმართულების მიზანია: ქართული ტრადიციული ცეკვების კვლევა-ძიება, აუდიო-ფოტო-ვიდეო დაფიქსირება, თეორიული და პრაქტიკული დამუშავება, პოპულარიზაცია.
საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის შემოქმედებითი მიმართულებების კოორდინირებულ მუშაობას უზრუნველყოფს ცენტრის რეგიონული პროექტების მართვის სამსახური. მისი ძირითადი ფუნქციაა: მაქსიმალური ინფორმაციის მოპოვება საქართველოს რეგიონებიდან და რაიონებიდან ფოლკლორული ანსამბლების, მგალობელთა და აკადემიური გუნდების, ზეპირსიტყვიერების, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ოსტატთა შემოქმედებითი საქმიანობის შესახებ.