ნებისმიერი ეროვნული კულტურა, მისი სხვადასხვა პლასტები (ძველი და ახალი, ტრადიციული და პროფესიული და ა.შ..) ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის მოვლენაა.



ზოგადასაკაცობრიო მნიშვნელობისაა ქართული კულტურაც - უძველესი და მარად-ცოცხალი ფენომენი - ქართველი ადამიანის კულტურული მოღვაწეობის ნაყოფი, ჩვენი წინაპრებისა თუ თანამედროვე თაობების შრომითა და თავდადებით შექმნილი საგანძური.



ამასთან, საყოველთაო აღიარებით, უნიკალურია და განსაკუთრებული სულიერ-იდეური სიღრმით, მხატვრული ფორმების მაღალგანვითარებულობით, გამომსახველობითი ოსტატობითა და მრავალფეროვნებითაა გამორჩეული ქართული ტრადიციული ხელოვნება - ჩვენი უძველესი ხალხური მუსიკა და შუა საუკუნეების საეკლესიო პოლიფონია, ზეპირსიტყვიერება, ქორეოგრაფია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების სხვადასხვა დარგები.



ყველასთვის ცნობილია, რომ ჩვენი ტრადიციული ხელოვნების ზოგიერთი დარგის უნიკალობის აღიარებამ უკვე საერთაშორისო და გლობალური მასშტაბები შეიძინა - ვგულისხმობთ, UNESCO-ს მიერ ქართული მრავალხმიანი მუსიკის აღიარებას კაცობრიობის ხელთუქმნელი სულიერი საგანძურის შედევრად. ეს ფაქტი განაპირობა ქართული პოლიფონიური მუსიკის მანამდე არნახულმა ტრიუმფმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების უამრავ საკონცერტო დარბაზში (ანსამბლების "რუსთავი", "გორდელა", "ერისიონი", "მართვე", "ქართული ხმები", "თბილისი", "მთიები", "მზეთამზე", "ანჩისხატი"... დამსახურებით) და ქართული მუსიკის ღირებულების აღიარება-შესწავლამ მსოფლიოს რჩეულ ეთნომუსიკოლოგთა მიერ. დღეს, უფროსი თაობის ღვაწლმოსილ კოლეგებთან ერთად, საერთაშორისო ესტრადაზე ქართული მუსიკის ტრიუმფალურ წარდგენას აგრძელებენ ახალგაზრდული შემოქმედებითი კოლექტივები ("ბიჭები", "ბასიანი", ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო გუნდი, "შვიდკაცა", "დიდგორი", "მძლევარი", "აღსავალი", "სახიობა"...).



მსოფლიო საკონცერტო ესტრადაზე უდიდესი აღიარებით და მაყურებლის აღტაცებით სარგებლობს ქართული ეროვნული ცეკვების ღვაწლმოსილი და ახალგაზრდული ანსამბლების („სუხიშვილები“, „რუსთავი“, „ერისიონი“, ….....) შემოქმედება.
გასული ეპოქების ძნელბედობისა და სხვადასხვა ობიექტური მიზეზების გამო, მუსიკისა და ქორეოგრაფიის მსგავსი მასშტაბური აღიარება ჯერ არ მოუპოვებია ქართულ ხალხურ ზეპირსიტყვიერებას, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების დარგებს. თუმცა, ამ საუნჯესთან ყოველი შეხება სპეციალისტთა და მოყვარულთა უდიდეს ინტერესსა და აღტაცებას იწვევს.



 

ამ სულიერი საგანძურის - ჩვენი ტრადიციული კულტურის შენარჩუნება, მოვლა-პატრონობა, მეცნიერული შესწავლა, მხატვრულ-შემოქმედებითი გააზრება-ინტერპრეტაცია, ახალგაზრდა თაობებისათვის გაცნობა-გადაცემა ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის უმთავრესი მისიაა.


ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი წარმართავს ფოლკლორის სახელმწიფო პოლიტიკას საქართველოში - შეიმუშავებს და ახორციელებს სამეცნიერო-კვლევითი თუ პრაქტიკულ-შემოქმედებითი ხასიათის პროექტებს, თანადგომას უწევს ეროვნული ტრადიციული კულტურის მოღვაწეებს, შემოქმედებით კოლექტივებს.


ცნობილი ეთნომუსიკოლოგისა და მოაზროვნის, იზალი ზემცოვსკის თანახმად, „ფოლკლორი მიდის და ფოლკლორიზმი მოდის“, ე. ი. კვდება ან სიღრმისეულად იცვლება ცოცხალი ეროვნული კოლექტიურ-შემოქმედებითი პროცესი (რომლის საყოველთაო ცნობილი პროდუქტებია „ჩაკრულო“ და „ხასანბეგურა“, „შენ ხარ ვენახი“, ცეკვა „ქართული“ და „ხორუმი“ თუ „ვეფხისა და მოყმის“ ლექსი..) და მის ადგილს იკავებს, უკეთეს შემთხვევაში – უკვე შექმნილი და სიმბოლური კულტურის რანგში გადანაცვლებული გენიალური ნიმუშების შესწავლა-პოპულარიზაციის პროცესი (რაც ასევე საჭირო და ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის საქმეა), ხოლო უარეს შემთხვევაში – მდარე, დაბალი მხატვრული ღირებულების მქონე ფსევდოკულტურა.


ქართული სიმღერა-გალობის მოყვარულთათვის, შემსრულებელთა თუ მკვლევართათვის, კარგადაა ცნობილი, რომ ჩვენი ტრადიციული ხელოვნების ამ უმნიშვნელოვანესი და საამაყო დარგის მდგომარეობა, ბოლო ათწლეულების მანძილზე უფრო და უფრო სამწუხარო ხდება. რეგიონებში განსაკუთრებით კლებულობს ტრადიციული მუსიკის ოსტატთა, მაღალი დონის ანსამბლების, სიმღერა-გალობის მცოდნეთა და მასწავლებელთა რაოდენობა. XX საუკუნის 60-იან წლებში დაწყებული ფოლკლორული მოძრაობა (რომელიც ანზორ ერქომაიშვილისა და მისი თანამებრძოლების, და ანსამბლების „გორდელა“, „რუსთავი“, „მართვე“ სახელებს უკავშირდება) ძირითადად ჩვენი ქვეყნის დიდ ქალაქებში, და უპირატესად – თბილისში წარიმართა. XX-XXI საუკუნეთა გასაყარის ძნელბედობით გამოწვეულმა ქართული სოფლის დაცლამ კი, საბოლოოდ დაამძიმა ჩვენი სიმღერა-გალობის მდგომარეობა. საქართველოს რეგიონებში მეტად მცირე რაოდენობით დარჩა ამა თუ იმ კუთხის სიმღერის მცოდნე ასაკოვანი ლოტბარები.


გადაუდებლად საჭიროა, რათა ამ მაღალი რანგის ხელოვანთა ირგვლივ შეიქმნას სასწავლო-სალოტბარო დაწესებულებები, მოხდეს მათი ცოდნისა და გამოცდილების დროული დაფიქსირება და რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია – ახალგაზრდა თაობებისათვის გაზიარება.


საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მოვალეობას წარმოადგენს, თანამედროვე ყოფითი კულტურის, ხალხური ხელოვნების, თუნდაც დაბალი ხარისხის ნიმუშების დაფიქსირება-შესწავლაც. ამასთანავე, ჩვენი ცენტრის უმთავრეს დანიშნულებად მიგვაჩნია, ერთი მხრივ, ჩვენამდე მოსული მაღალი კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა-პოპულარიზაცია, ხოლო მეორე მხრივ, ტრადიციული ხელოვნების შემდგომი განვითარებისათვის აუცილებელი პირობების შექმნაზე ზრუნვა, უპირველეს ყოვლისა, ამისათვის ყველაზე ბუნებრივ და ჩვეულ გარემოში – სოფლად, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში.
სწორედ ამიტომ, ეროვნული ტრადიციული საგანძურის გადარჩენა-განვითარებისათვის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, ჩვენი ცენტრის წარმომადგენლობების დაარსება საქართველოს რეგიონებში, რომლებმაც უნდა იზრუნონ ტრადიციული ხელოვნების სხვადასხვა დარგების განვითარებისათვის.



ფოლკლორის ცენტრის განსაკუთრებულ მისიად მიგვაჩნია ქართული ეროვნული ტრადიციული კულტურის შემდგომი პოპულარიზაცია ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ ქართველ შემოქმედთ, მაღალი პროფესიული დონის კოლექტივებს, ღვაწლმოსილ თუ ახალგაზრდა მკვლევრებს მათი შემოქმედების ფართო საზოგადოებისათვის გაცნობაში - როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ.


ცენტრის ერთ-ერთი მიზნად მიგვაჩნია, ტრადიციულ მრავალხმიანობასთან ერთად, ჩვენი ხალხური შემოქმედების სხვა ძეგლების ზოგად-საკაცობრიო მნიშვნელობისა და მაღალი სულიერ-ესთეტიკური ღირებულების სათანადოდ წარმოჩენა საერთაშორისო საზოგადოების წინაშე. ამ მიზნის მისაღწევად მნიშვნელოვან ამოცანად მიგვაჩნია, რათა UNESCO-ს მიერ მათი აღიარებაც მოხდეს, კაცობრიობის მატერიალური თუ არამატერიალური კულტურის შედევრებად.


დასახული მიზნების მისაღწევად, ცენტრი თანამშრომლობს ყველა იმ სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციასთან, ფონდებთან, სამეცნიერო ინსტიტუციებთან და შემოქმედებით კოლექტივებთან, რომელნიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და შენარჩუნებისათვის იღწვიან. მიგვაჩნია, რომ ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი უნდა იყოს ის ინსტიტუცია, რომელშიც მოხდება გაერთიანება ყველა ადამიანისა თუ დაწესებულებისა, რომელნიც ემსახურებიან ჩვენს უნიკალურ კულტურულ საგანძურს.


საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი თავისი დაარსების დღიდან ემსახურება ეროვნულ ტრადიციულ კულტურას. ვფიქრობთ, ღვთის წყალობით და ჩვენი პროფესიონალების თავდადებული შრომით, შევძლებთ დასახული მიზნების, ჩვენი მისიის აღსრულებას, ჩვენი მამულისა და მომავლის ღირსეულ მსახურებას.




 

გიორგი დონაძე 2014 წელი