2014 წლის, 4-15 აგვისტოს, პროექტით „აღმოსავლეთ საქართველოს მთიელთა ტრადიციული მუსიკა”, ხმის ჩამწერი მოძრავი სტუდიის მეშვეობით, ჩატარდა საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მუსიკალურ-ფოლკლორისტული ექსპედიცია ახმეტის რაიონში (ექსპედიციის ხელმძღვანელი _ ეთნომუსიკოლოგი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ნატალია ზუმბაძე).
ექსპედიციამ იმუშავა ქალაქ ახმეტასა და ახმეტის რაიონის 18 სოფელში (არაშენდა, აწყური, ახალშენი, ახშანი, დედისფერული, ზემო ალვანი, ზემო ხოდაშენი, კოღოთო, კოჯორი, მატანი, ნადუქნარი, ოჟიო, საკობიანო, ქვემო ალვანი, ქისტაური, შახვეტილა, ჩაბინაანი, ხევისჭალა). მოიძია და დააფიქსირა კახური, ხევსურული, ფშაური და თუშური მუსიკალური ყოფის ამსახველი ნიმუშები: ტრადიციული სასიმღერო და საკრავიერი ჟანრები. ჩაწერილ იქნა სხვადასხვა საკრავზე აჟღერებული სასიმღერო ჰანგებიც. მუსიკალურ მასალასთან ერთად ექსპედიციამ ჩაიწერა სიტყვიერი ინფორმაციაც და რამდენიმე ინტერვიუც. ექსპედიციაში მოძიებული აუდიო და დოკუმენტური მასალა ჩაბარდა საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის არქივს.