banner

ქართული გალობის რაინდი - ექვთიმე აღმსარებელი (კერესელიძე)

ექვთიმე აღმსარებელი ქართულ საგალობლებს ჯერ კიდევ ერისკაცობაში გაეცნო, ილიას თანამებრძოლ მაქსიმე შარაძესთან ერთად, და „მოიწამლა ქართული გალობით“. თანამოსაგრეთა - მაქსიმე შარაძისა და ფილომინ ქორიძის გარდაცვალების შემდეგ, გასული საუკუნის 10-იან წლებში, ეს უზარმაზარი განძი - ქართულ საგალობელთა ნოტები - ექვთიმეს ხელთ აღმოჩნდა. ესტატე კერესელიძე გელათში ბერად აღიკვეცა და ბერმა ექვთიმემ თავს იდვა ამ კოლოსალური მასალის გადაწერის, სისტემატიზაციისა და მრავალი საგალობლისათვის ხმის შეწყობის ტიტანური შრომა.





ასე განთავსდა 37 წიგნში 5532 საგალობელი, რომელთაც, რუსეთის მიერ საქართველოს მეორედ დაპყრობის შემდეგ, უდიდესი საფრთხე დაემუქრა. ექვთიმემ, საკუთარი სიცოცხლისა და ზნეობრივი გმირობის ფასად, მარტოდმარტომ საგალობლები ურმით ჯერ სვეტიცხოველში ჩამოიტანა, შემდეგ (1929 წელს) ზედაზნის მონასტრის ეზოში რკინის ყუთით მიწაში ჩაფლა (საგალობელთა გვერდით წინასწარ საფლავიც საკუთარი ხელით გაითხარა). თერთმეტი წელი იყო ქართველი ერის მუსიკალური საუნჯე მიწაში. 1940 წელს ექვთიმემ საგალობლები სახელმწიფოს გადასცა. ეს წიგნები დღემდე ინახება კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში და თანდათან გამოდის მზის სინათლეზე.



ახლახან საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა, ფონდ „ქართულ გალობასა“ და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასთან ერთად, გამოსცა „ქართული გალობის ანთოლოგიის“ რვატომეული. ეს გამოცემა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზეც იყო წარდგენილი.


2 თებერვალს საქართველოს მართლმადიდებლური სამოციქულო ეკლესია ექვთიმე აღმსარებლის ხსენების დღეს აღნიშნავს. ქართული საეკლესიო გალობის მოვლის, შენახვის, გადარჩენის საქმეში შეტანილი განუზომელი ღვაწლისა და თავდადებისათვის 2003 წელს ქართულმა ეკლესიამ ექვთიმე, ერისკაცობაში ესტატე კერესელიძე, წმიდანად შერაცხა და ექვთიმე აღმსარებელი უწოდა.