69887083_2413830148832726_3990708784799416320_o

ფოლკლორის ცენტრში, 16 სექტემბერს ანსამბლი “სათანაო” კონცერტს გამართავს

სათანაოს რეპერტუარში უხვადაა საზოგადოებისთვის დღემდე უცნობი ფოლკლორული ნიმუშები. ანსამბლი ძველი საარქივო ფონოჩანაწერებითა, და ასევე, თვით ანსამბლის წევრთამიერ მოპოვებული საექსპედიციო აუდიომასალით საზრდოობს. რიგი სიმღერები და ცეკვა-ფერხულები შესწავლილია ეთნოფორებისგან. ანსამბლის წევრები თანაბარი ინტერესით ასრულებენ ქალთა, მამაკაცთა, ქალაქურ სიმღერებს, საფერხულოებსა და საცეკვაოებს. უკრავენ სხვადასხვა ხალხურ საკრავზე – ჩონგურზე, ფანდურზე, ჭუნირზე, ჩანგზე, დაირაზე, გიტარაზე. მსმენელის წინაშე ანსამბლი 1 საათიანი პროგრამით წარდგება. ასევე, ფოლკლორის ცენტრის გალერეაში წარმოდგენილი იქნება ექსპოზიცია – ფოტოგრაფ ბადრი ვადაჭკორიას ფოტოკოლექცია “ეს ჩემი საქართველოა” და თამარ მეფის სახელობის სკოლა-პანსიონის სასწავლებლის უნიკალური კოლექცია – XIX საუკუნის ქართული, ეროვნული სამოსი, ორიგინალი კოსტიუმის ანალოგები – ქალისა და მამაკაცის ქალაქური – თავადური, ხევსურული, აჭარული, თუშური ტრადიციული სამოსი (სამუზეუმე ექსპონატები), ასევე მათი გათანამედროვებული ვარიანტები, ნაქარგობის ნიმუშები, ტრადიციული მეთოდითდამუშავებული თექა, მინანქარში შესრულებული საქართველოს სხვადასხვა კუთხის სამოსი.



ქალთა პირველი პროფესიული მგალობელ-მომღერალთა ანსამბლი სათანაო თბილისში ჯვარის მამის მგალობელ გოგონათა გუნდის ბაზაზე შეიქმნა 2005 წელს.ქართული ტრადიციული გალობა საეკლესიო ღვთისმსახურებაში, ანჩისხატის გუნდთან ერთად, სწორედ ანსამბლის პირველი თაობის წარმომადგენლებმა აღადგინეს და დანერგეს ლიტურგიკულ პრაქტიკაში 1980-იანი წლების ბოლოს. ანსამბლის სახელწოდება სათანაო, რაც სულხან-საბა ორბელიანის მიხედვით, „თანგაუყარად სათანაოს, თანწარსატანს“ ნიშნავს, ანსამბლის წევრებმა გალობა-სიმღერისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულების გამოსახატავად შეარჩიეს.



ანსამბლის წევრთა უმეტესობა სპეციალობით მუსიკოსია, გალობს ტაძარში და ამავდროულად ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობას საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. ანსამბლ სათანაოს გამოცემული აქვს სამი აუდიოალბომი: „სათანაო“, ქართული საეკლესიო და საერო მუსიკა“ (2008), „სათანაო“, მგალობელ-მომღერალთა გუნდი (2011) და „სათანაო“, პარაკლისი-გალობა სავედრებელი უფლისა ჩვენისა იესუ ტკბილისა“ (2015).ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი თბილისურ ანსამბლებთან ერთად კამპანიაში გაატარე ზაფხული საქართველოში კონცერტებს ტურისტებისთვის 15 ივლისიდან 30 სექტემბრამდე ყოველ ორშაბათს, 20:00 საათზე, ფოლკლორის ცენტრის ბაღში გამართავს.მხარდამჭერები: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია; ქართული ხალხური სიმღერის და საკრავების სახელმწიფო მუზეუმი, მეფე თამარის სახელობის სკოლა – პანსიონი და რესტორანი ,,ეკო გარდენი”.


ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.