27 ივნისს რუსთაველის თეატრში საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის პირველი ფინალური კონცერტი გაიმართა.
მაყურებლის წინაშე წარდგნენ ფესტივალის ლაურეატი მონაწილეები: ფოლკლორული ანსამბლები, ინდივიდუალური შემსრულებლები, ქორეოგრაფიული ანსამბლები. გამოვლინდნენ გამარჯვებულები: ინდივიდუალური შემსრულებლები: I ადგილი - თინა მეითოვი (თბილისი), II ადგილი - ბესიკ ტარიელაძე (შუახევი), III ადგილი - ნატო მუთოშვილი (ახმეტა); სოფლის ავთენტური ჯგუფები: I ადგილი - ამსამბლი ,,ქალთიდი" (მესტია), II ადგილი - ანსამბლი ,,ლატალი" (მესტია), III ადგილი - ანსამბლი ,,ჭვანა" (შუახევი).
დღეს, 28 ივნისს 19:30 საათზე, რუსთაველის თეატრში ფესტივალის მეორე ფინალური კონცერტი გაიმართება. დღეს გამოვლინდებიან და დაჯილდოვდებიან მუნიციპალური, საოჯახო და ქორეოგრაფიული ანსამბლები.
გამარჯვებულ ლაურეატებს გადაეცემათ ფულადი ჯილდოები და სიგელები. ფესტივალის დასრულების შემდეგ გამოიცემა DVD ალბომი - ,,საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი 2015-2016” და ლაურეატთა ბუკლეტები.
შეგახსენებთ, რომ ,,საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი 2015-2016" საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით ტარდება. ფესტივალი წარმოაჩენს საქართველოს ფოლკლორში არსებულ მდგომარეობას. იგი ხელს უწყობს ფოლკლორული ანსამბლების, მგალობელთა გუნდების, ქორეოგრაფიული ანსამბლების, ზეპირსიტყვიერებისა და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ოსტატთა წახალისებას, მათი შემოქმედების პოპულარიზაციას.