72241493_2440217766193964_7054977520235446272_o

26 ოქტომბერს 16:00 საათზე ანსამბლები დიდგორი და შილდა ერთობლივ კონცერტს გამართავს

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიციატივით თბილისსა და საქართველოს რვა მუნიციპალიტეტში ხალხური სიმღერის საღამოებს სხვადასხვა ანსამბლები გამართავენ. კონცერტები უკვე ჩატარდა ვანსა და ბორჯომში, სადაც მონაწილეობდა ანსამბლი ანჩისხატი და ადილეი. შემდეგი კონცერტი თელავში 26 ოქტომბერს ანსამბლების დიდგორისა და შილდას მონაწილეობით 16:00 საათზე ჩაინიშნა.

didgori

მგალობელ-მომღერალთა გუნდი „დიდგორი“ 2004 წელს დაფუძნდა. მასში გაერთიანდნენ ქართული ხალხური სიმღერის ახალგაზრდა შემსრულებლები. ანსამბლის შემოქმედების პრინციპული მიმართულებაა ძველი ხალხური სიმღერების მოძიება და მისი საშემსრულებლო ხასიათის საფუძვლიანი შესწავლა. ამ საქმეში გუნდის წევრებს უდიდეს დახმარებას უწევს ძველი საარქივო ჩანაწერები.

ანსამბლი მრავალჯერ გამოვიდა ქართული ხალხური სიმღრების მოყვარული აუდიტორიის წინაშე არა მარტო დედაქალაქში, არამედ საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში გამართულ ღონისძიებებზე. 2008 წლის სექტემბერში ანსამბლმა ფოლკლორის მე-4 საერთაშორისო სიმპოზიუმში მიიღო მონაწილეობა.

shilda

ანსამბლი შილდა ღვინის კომპანია შილდასა და ფონდ ქართული გალობის ინიციატივით კახეთში 2017 წელს შეიქნმა. ანსამბლში კახეთის სხვადასხვა რაიონის ნიჭიერი ახალგაზრდები მღერიან.

ანსამბლის მთავარი მიმართულება კახური სიმღერის უცნობი ვარიანტების გაცოცხლება და მომავალი თაობისთვის გადაცემაა.

ანსამბლი წარმატებით მართავს ფოლკლორულ კონცერტებს როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

შილდას გამოცემული აქვს ერთი აუდიო ალბომი. ამჟამად ანსამბლი მეორე ალბომზე მუშაობს, რომელშიც შევა მხოლოდ კახური სიმღერის უძველესი შილდური ვარიანტები.

ანსამბლის ხელმძღვანელები არიან ბექა და გოჩა ბიძინაშვილები, რომლებმაც დაამთავრეს თბილისის გიორგი მთაწმინდელის სახელობის ქართული საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებელი.

პროექტი ხალხური საღამოები შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით ხორციელდება და 10 ოქტომბრიდან 30 ნოემბრამდე გაგრძელდება.