72191351_2440205752861832_6918896004062248960_n

26 ოქტომბერს ანსამბლი სახიობა კასპის კულტურის სახლში კონცერტს გამართავს

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიციატივით თბილისსა და საქართველოს რვა მუნიციპალიტეტში ხალხური სიმღერის საღამოებს სხვადასხვა ანსამბლები გამართავენ. კონცერტები უკვე ჩატარდა ვანსა და ბორჯომში, სადაც მონაწილეობდა ანსამბლი ანჩისხატი და ადილეი. შემდეგი კონცერტი კასპში 26 ოქტომბერს სახიობას მონაწილეობით 15:00 საათზე ჩაინიშნა. კონცერტზე გაჟღერდება ქართული სასიმღერო ფოლკლორის ნიმუშები  - ტრადიციული საკრავების: ჩონგურის, ფანდურის, დოლის, გარმონისა და ჭიბონის თანხლებით.



ანსამბლი ,,სახიობა" 2006 წელს ჩამოყალიბდა. გუნდის მიზანია ხალხური სიმღერების ძველი სტილით შესრულება და ინტონირების საკითხის მოგვარება. კონცერტებით, გასტროლებით, ჩანაწერების გავრცელებით და სხვა საშუალებებით პოპულარული გახადოს ქართული ფოლკლორის სწორი ფორმით მიწოდება მსმენელისათვის.


გუნდმა თავისი არსებობის მცირე მანძილზე შეძლო გამხდარიყო საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მიერ რესპუბლიკის მასშტაბით მოწყობილ ,,დავალიერება-ფესტივალის" ლაურეატი.


ანსამბლს ჩატარებული აქვს სამი სოლო კონცერტი და გამოშვებული აქვს სამი ხალხური სიმღერისა და ორი გალობის CD ალბომი. მონაწილეობა აქვს მიღებული ხორვატიის ფოლკლორის და უკრაინის გალობის საერთაშორისო ფესტივალებში.


saxioba


,,სახიობა" ძველი ქართული სიტყვაა, და ნიშნავს მწყობრ, ტკბილხმოვან მუსიკას, ხმიანს თუ საკრავისებურს (გალობისას თუ სიმღერისას).ანსამბლის ხელმძღვანელია ლოტბარი მალხაზ ერქვანიძე.


პროექტი ხალხური საღამოები შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით ხორციელდება და 10 ოქტომბრიდან 30 ნოემბრამდე გაგრძელდება.