Folkloris-saxelmcifo-centri_logo_Cir_FIN-1_001

2015 წლის კომპლექსური ექსპედიცია თეთრიწყაროში - კვლევის შედეგები და პერსპექტივები

 

 

2015 წლის კომპლექსური ექსპედიცია თეთრიწყაროში კვლევის შედეგები და პერსპექტივები


2015 წლის აპრილში, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მიერ ორგანიზებულ იქნა კომპლექსური ექსპედიცია ქვემო ქართლში _ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში. საველე მუშაობა ათი დღე (23 აპრილი – 2 მაისი) გრძელდებოდა.
ქართული ტრადიციული კულტურის კვლევის ამ მცდელობამ სხვადასხვა დარგის სპეციალისტები გააერთიანა. ექსპედიციას ხელმძღვანელობდა ფოლკლორისტი ეთერ თათარაიძე, ჯგუფის წევრები იყვნენ: ქორეოგრაფ-ქორეოლოგი უჩა დვალიშვილი, ეთნოლოგები ნანული აზიკური და თეონა კვანჭიანი, ეთნომუსიკოლოგი თეონა რუხაძე, ოპერატორი ნიკოლოზ გოგაშვილი, მძღოლები: ნიკოლოზ ირემაშვილი და კახაბერ ნათობიძე.
ფოლკლორის კვლევაში კომპლექსურ მიდგომას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. საკვლევი ობიექტის სინკრეტული ბუნების შესწავლა, მისი ამ სპეციფიკის გათვალისწინების გარეშე, ინდივიდუალურად მუშაობის დროსაც წარმოუდგენელია. ცხადია რამდენიმე დარგის სპეციალისტის გაერთიანება, ამ პროცესს კიდევ უფრო საინტერესო პერსპექტივებს უსახავს.
საქართველოში ფოლკლორის კომპლექსურ კვლევას თავისი ისტორია და ტრადიცია გააჩნია. ჯერ კიდევ ქართული ფოლკლორისტიკის სათავეებთან მდგომი მეცნიერები (დიმიტრი არაყიშვილი, ვახტანგ კოტეტიშვილი, გიორგი ჩიტაია და სხვანი) კარგად აცნობიერებდნენ ამგვარი მიდგომის მნიშვნელობას, რაც მათსავე საქმიანობასა და სამეცნიერო ნაშრომებში აისახა.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი გეოგრაფიული მდებარეობით, ისტორიით, მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობით და ტრადიციებით საქართველოს ერთ-ერთი საინტერესო ნაწილია. ტრადიციული კულტურის მკვლევართათვის მუნიციპალიტეტი განსაკუთრებით მიმზიდველია იმ მხრივ, რომ აქ ადგილობრივ ძირძველ მოსახლეობასთან _ ქართლელებთან ერთად ცხოვრობენ სხვადასხვა დროს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მიგრირებული სვანები, რაჭველები, აჭარლები და მთიულები. ასევე ეთნიკური უმცირესობები _ სომხები, აზერბაიჯანელები, მცირე რაოდენობით ბერძნები, რუსები და ოსები. აქვე გვხვდება XIX საუკუნის 20-იანი წლებიდან XX საუკუნის 40-იან წლებამდე მცხოვრებ გერმანელთა ნასახლარები. ექსპედიციამ დროის სიმცირის და მუნიციპალიტეტის სიდიდის გამო, (ოთხმოცამდე დასახლებული პუნქტი) ყურადღება ამჯერად ქართულ მოსახლეობაზე შეაჩერა.
საველე მუშაობა წარიმართა თეთრიწყაროს შემდეგ სოფლებში: ალექსეევკა, ასურეთი, მარაბდა, ქვემო მარაბდა, გოლთეთი, დიდგორი, დიდი თონეთი, დუმანისი, ვაშლოვანი, კოდა, მანგლისი, ირაგა, სამღერეთი, შავსაყდარი, წინწყარო, ჭივჭავი, ხაიში, ჯორჯიაშვილი და საკუთრივ ქალაქი თეთრიწყარო.
მუნიციპალიტეტის ტრადიციული ყოფის შესწავლისას ჯგუფის ხელმძღვანელის ინიციატივითა და მისი წევრების თანხმობით პრიორიტეტი მასალის კომპლექსურად ჩაწერას მიენიჭა.
საველე მუშაობის შედეგად, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის არქივში, აუდიო და ვიდეოჩანაწერების, ასევე ფოტო და სკანირებული სლაიდების სახით მდიდარმა მასალამ დაიდო ბინა. ამ მასალას შეადგენს თქმულებები, გადმოცემები, შელოცვები, ლექსები, კაფია-გაშაირებები, სახალხო ისტორიები, ტრადიციული, და ხალხურ მოტივებზე შექმნილი საავტორო სიმღერები, სასიმღერო ტექსტები, სხვადასხვა ტიპის ცნობა ხალხური სიმღერებისა და საკრავების შესახებ, საცეკვაო და საფერხულო ილეთები, მუნიციპალიტეტის მოსახლეობაში არსებული რიტუალების, ყოფისათვის დამახასიათებელი წეს-ჩვეულებების აღწერილობანი, აგრეთვე გამოყენებითი ხელოვნების ოსტატთა ნამუშევრების ამსახველი ფოტოები.
უნდა ითქვას, რომ ველზე მუშაობა ექსპედიციის ყველა დარგისათვის თანაბარი შედეგით არ დასრულებულა. მასალის თვალსაზრისით ყველაზე ხვავრიელი ზეპირსიტყვიერების მიმართულება აღმოჩნდა. რაც შეეხება დარგს, რომელსაც თავად წარმოვადგენდი, ათდღიანი მუშაობის განმავლობაში მართალია თითქმის არც ერთ დღეს არ ჩაუვლია მუსიკალური მასალის დაფიქსირების გარეშე, მაგრამ სამწუხაროდ, ამ მასალის უდიდესი ნაწილი არა ხალხური, არამედ ხალხურ მოტივებზე შექმნილი საავტორო სიმღერებია.
რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი? ერთის მხრივ უდაოდ ტექნოლოგიზაციის ეპოქა და მისი უარყოფითი ზეგავლენა ტრადიციულ მუსიკალურ ყოფაზე. დღესდღეობით საქართველოში ძალზე გაიშვიათებულია იმ სოფლებისა და რეგიონების რიცხვი, სადაც ჯერ კიდევ ისმის ტრადიციული მრავალხმიანი სიმღერა. ქვემო ქართლი ამ მხრივ არ გამოირჩევა (თუ არ ჩავთვლით აქ მიგრირებულ სვანებს, რომლებიც შეძლებისდაგვარად ინარჩუნებენ თავიანთ ტრადიციებს), ეს ექსპედიციის შედეგმაც დაადასტურა. მეორეს მხრივ გასათვალისწინებელია კომპლექსური ექსპედიციის მუშაობის სპეციფიკაც. ერთობლივად მუშაობის პროცესში, ზოგჯერ შეუძლებელია კონკრეტულ საკითხზე ხანგრძლივად შეჩერება და სათანადო ჩაღრმავება, რაც უფრო მდიდარი ინფორმაციის მიღების წინაპირობა შეიძლება გახდეს.
ამჯერად მსურს მოკლედ მიმოვიხილო თეთრიწყაროში ჩაწერილი, საკუთრივ ეთნომუსიკოლოგიური მასალა.
ექსპედიციის პირველსავე დღეს, კოდის დევნილთა დასახლებაში შევხვდით სამაჩაბლოდან დევნილი შუა ხნის ქართველი და ოსი ქალბატონების ჯგუფს ლუიზა დუდაევას ხელმძღვანელობით. კოდის სათემო განათლების ცენტრის მიერ აქ ხორციელდება პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს იძულებით გადაადგილებულ პირთა ქვემო ქართლის რეგიონში ინტეგრაციას. პროექტის ნაწილია ტრადიციული ხელოვნების, მათ შორის სიმღერის ხელშეწყობაც. ბუნებრივია ძალზედ გვაინტერესებდა ნებისიმიერი ინფორმაცია როგორც სამაჩაბლოს ქართველთა, ისე ოსთა ტრადიციებზე და ტრადიციულ მუსიკაზე. მთხრობელებმა ამ მხრივ არაერთი საინტერესო ცნობა მოგვაწოდეს, თუმცა მათ რეპერტუარს ძირითადად არა ტრადიციული, არამედ ხალხურ მოტივებზე შექმნილი თანამედროვე, საავტორო სიმღერები წარმოადგენს. ძველის გახსენება უჭირთ, ასევე უჭირთ ზღვარის გავლება ძველსა და ახალს, ტრადიციულსა და არატრადიციულს შორის. რეპერტუარში შესამჩნევია პატრიოტული ხასიათის სიმღერების სიჭარბე ასეთებია: `სიმღერა სამშობლოზე~, `სიმღერა ერედვზე~. ამგვარი სიმღერების შესრულება ვფიქრობ მათთვის თვითგამოხატვის ერთგვარი საშუალებაა.
სოფელ სამღერეთში გავიცანით აჭარელი ეკომიგრანტები. მათთან საუბარი ცხადია ძირითადად ძირძველ აჭარულ ტრადიციებსა და ფოლკლორს შეეხებოდა. სამწუხაროდ, ძველი აჭარული სიმღერის შემსრულებელი სოფელში არავინ აღმოჩნდა. ხულოს რაიონის სოფელ ვაშლოვანიდან ჩამოსახლებული 51 წლის ნინო აბულაძის რეპერტუარი მეტწილად კოდის დევნილთა ჯგუფის მსგავსად, ასევე საავტორო, მოგვიანო პერიოდის სიმღერებს მოიცავს. ისეთებს როგორიცაა `საქართველო~, `ბიჭო, იქნებ პაპა იყო შენი~ და სხვ.
სვანებით დასახლებულ სოფელ ჭივჭავში ჩავიწერეთ ბავშვთა ჯგუფი მანანა ონიანის ხელმძღვანელობით. ჯგუფის მიერ წარმოდგენილი რეპერტუარი ძირითადად სვანური სიმღერებისგან შედგება, თუმცა გვხვდება სხვა კუთხის ნიმუშებიც. მომავალი თაობის ტრადიციული მუსიკით დაინტერესების ყველა ამგვარი მცდელობა ცხადია მისასალმებელია. აქვე ძალზე მნიშვნელოვანია შემოქმედებითი პროცესის სწორად წარმართვა. ამ თვალსაზრისით ჯგუფს უდაოდ წაადგებოდა სპეციალისტთა რჩევები რეპერტუართან და შემსრულებლობის არსებით კანონზომიერებებთან დაკავშირებით. საშემსრულებლო პრობლემებს შორის ვფიქრობ განსაკუთრებით საყურადღებოა ჯგუფში სვანური საკრავიერი ნიმუშების, მაგალითად `მირანგულას~ შესრულებისას, ჭუნირისა და ჩანგის ერთბაშად ხუთი ფანდურით ჩანაცვლება. ზოგადად ფანდურის განსაკუთრებული პოპულარობა თეთრიწყაროში, მათ შორის სვანურ მოსახლეობაშიც ძალზე თვალშისაცემია.
მოზარდებთან ურთიერთობა სოფელ ასურეთშიც მოგვიწია. სკოლის მოსწავლეებმა, წარმოშობით რაჭველებმა მერი ბერიშვილმა და ნინო გოგობერიშვილმა, ქრომატიულ ფანდურსა და ბას-ფანდურზე შეასრულეს მელოდია სახელწოდებით `ნარნარი~. ასევე იმღერეს და იგალობეს ადგილობრივ მუსიკალურ სკოლასა და ტაძრის გუნდში შესწავლილი ნიმუშები. როგორც გაირკვა, მათი წარმოდგენა ტრადიციულ ქართულ სიმღერაზე საკმაოდ მწირია. ჩემს შეკითხვაზე სიმღერის გაკვეთილების გარდა, ხვდებიან თუ არა ერთმანეთს მუზიცირების მიზნით და თუ ხვდებიან რას მღერიან ასეთ დროს, მიპასუხეს, რომ ისმენენ ხოლმე ალუდა ქეთელაურის შემოქმედებას და ცდილობენ შეასრულონ სიმღერები მისი რეპერტუარიდან. ჩემი მხრიდან შევეცადე ამეხსნა მათთვის რა არის ქართული ტრადიციული მუსიკა, და სად გადის ზღვარი ძირძველ ხალხურსა და ხალხურ მოტივებზე შექმნილ საავტორო სიმღერებს შორის. ვფიქრობ თეთრიწყაროელი ახალგაზრდების დაინტერესებას ტრადიციული მუსიკით, ახლო მომავალში ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მიერ, აქ დაარსებული წარმომადგენლობის მუშაობაც შეუწყობს ხელს.
სოფელ წინწყაროში ჩავწერეთ მესტიის რაიონის სოფელ ლენჯერიდან _ მუსიკალური ტრადიციების მხრივ საკმაოდ მდიდარი სოფლიდან ჩამოსახლებული მერლანების საოჯახო ანსამბლი. სიმღერების თანმხლები ამ შემთხვევაშიც ფანდურია, ზოგჯერ ტამტამთან ერთად. ოჯახის რეპერტუარი ძირითადად საავტორო (მათ შორის ოჯახის ერთ-ერთი წევრის ლექსებზე შექმნილი) სიმღერებისაგან შედგება, ასეთია მაგალითად სიმღერა `ნუ ატირდებით~, `ქალო, ნუ მტანჯავ~ და სხვ. ჩემმა მცდელობამ გამეხსენებინა მათთვის რომელიმე სვანური ნიმუში ფაქტობრივად უშედეგოდ ჩაიარა. შეეცადნენ შეესრულებინათ გასამხიანებული `ნანილა~ და `სიმღერა მიხეილ ხერგიანზე~, თუმცა ბანის შეწყობა და მრავალ ხმაში კოორდინაცია გაუჭირდათ, რის მიზეზადაც უმეცადინებლობა დაასახელეს.
საინტერესო საუბარი შედგა სოფელ გოლთეთში ლენტეხის რაიონიდან ჩამოსახლებულ 61 წლის ზარიმა გულბიანთან. როგორც ქალბატონმა ზარიმამ მოგვითხრო გოლთეთში, 80-იანი წლების ბოლოდან იგი ადგილობრივი სვანებისაგან შემდგარ, ხალხური სიმღერის ჯგუფს ხელმძღვანელობდა, თუმცა, დროთა განმავლობაში, პირობების უქონლობისა და უყურადღებობის გამო, ჯგუფი დაიშალა. დღეს სოფელში აღარავინ მღერის. ქალბატონი ზარიმასაგან რამდენიმე სიმღერაც ჩავიწერეთ. მათ შორის სვანური `დიაშ დარჯოლ~ კვლავ ფანდურის თანხლებით. ჩემს შეკითხვაზე, შეასრულებდა თუ არა `დიაშ დარჯოლს~ ფანდურით იმ შემთხვევაშიც, თუ ჭუნირი ექნებოდა მიპასუხა, რომ უპირატესობას მაინც ფანდურს მიანიჭებდა, რადგან ფანდური მისთვის უფრო მოსახერხებელი საკრავია.
მდგომარეობა მძიმეა ადგილობრივი ქართლური რეპერტუარის თვალსაზრისითაც. ქართლელებთან მუშაობა ძირითადად სოფელ შავსაყდარში მოგვიწია, აქ ხალხური სიმღერის შესახებ მხოლოდ ზეპირსიტყვიერი ცნობებით შემოვიფარგლეთ, რომლებიც ხანდაზმულმა მთხრობელებმა მოგვაწოდეს. ტრადიციული სიმღერების შესრულების შემთხვევები მათ მეხსიერებაშიც წაშლილია. აღნიშნავენ, რომ უკვე მათ ახალგაზრდობაშიც ამგვარი ნიმუშები ხშირ შემთხვევაში დოლ-გარმონით იყო ჩანაცვლებული.
ექსპედიციისთვის სასიამოვნო აღმოჩენად იქცა სოფელ დიდგორის სვან მომღერალთა ჯგუფი ჯოტო არღვლიანის ხელმძღვანელობით. საველე მუშაობის მეცხრე დღეს, ეს იყო ფაქტობრივად ტრადიციული მუსიკის ჩაწერის პირველი შემთხვევა. მომღერლებმა შეგვისრულეს: `ჯგრაგი~, `ცხაუ ქრისდეშ~, `ლილე~, `რიჰო~, `ყანსავ ყიფიანე~, `ზარი~, `თამარ დედფალ~, `მირანგულა~, `წმინდაო ღმერთო~, `ქრისტე აღდგა~. ჯგუფში არიან როგორც ხანდაზმულები, ისე ახალგაზრდები. თითოეული მათგანი თავისი აზროვნებით მჭიდროდაა დაკავშირებული სვანურ ტრადიციულ ყოფასთან. თითოეული მათგანი ქართული ეთნიკური გენისა და ცნობიერების მატარებელია. ამდენად მათთან ურთიერთობა ძალზე საინტერესო და სასარგებლო შეიძლება იყოს ამ ტრადიციით დაინტერესებული ნებისმიერი მკვლევარისთვის.
თეთრიწყაროს კომპლექსური ექსპედიციის შედეგები მუშაობის კვლავ გაგრძელების საჭიროებას აჩენს. ეთნომუსიკოლოგიური მიმართულებით სოფელ დიდგორის კვლევა როგორც სოფლისთვის, ისე ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრისთვის მეტად საინტერესო პერსპექტივებს სახავს, ვფიქრობ მუსიკალური და ეთნოლოგიური თვალსაზრისით უფრო სიღრმისეულადაა საკვლევი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის კიდევ ორი სოფელი _ ჭივჭავი და ასურეთი, ცხადია ასევე საგანგებოდაა შესასწავლი მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების მუსიკალური ფოლკლორი. მსგავსი სურვილები არსებობს სხვა დარგების მხრიდანაც. მაგალითად საგანგებო კვლევას იმსახურებენ სოფელ მანგლისში ჩაწერილი მელექსეები, მუნიციპალიტეტში მომუშავე გამოყენებითი ხელოვნების ოსტატები. მათი შემოქმედება პუბლიკაციაში არ არის განხილული რეგლამენტისა და ამ დარგებში ჩემი არასაკმარისი კომპეტენციის გამო.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი ტრადიციული ხელოვნების ყველა მიმართულებით ამა წლის ოქტომბერში კიდევ ერთხელ იქნება წარმოდგენილი საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის ქვემო ქართლის რეგიონულ ტურზე. ხალხური მუსიკისა და ცეკვის შემსრულებლების, მთქმელებისა, თუ სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ოსტატების შემოქმედება, კიდევ ერთხელ იქნება შეფასებული სხვადასხვა დარგის სპეციალისტთა მხრიდან. პროფესიონალთა სურვილები და რეკომენდაციები უთუოდ წაადგება მათსავე საქმიანობას. ვფიქრობ რეგიონებში ტრადიციული კულტურის სფეროში არსებული პრობლემების აღმოფხვრას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ისეთი პროექტები, რომლებიც მუნიციპალიტეტებთან მუდმივ კომუნიკაციასა და მათ მონიტორინგს გულისხმობს.

ტექსტში დამოწმებული მუსიკალური ნიმუშები

  • სიმღერა სამშობლოზე, სიმღერა ერედვზე. ასრულებს სამაჩაბლოდან დევნილთა ჯგუფი, ხელმძღვანელი ლუიზა დუდაევა, სოფელი კოდა.

  • საქართველო, ბიჭო, იქნებ პაპა იყო შენი. ასრულებს ნინო აბულაძე, სოფელი სამღერეთი.

  • მირანგულა. ასრულებს სოფელ ჭივჭავის მოსწავლეთა გუნდი.

  • ნარნარი. ასრულებენ მერი ბერიშვილი და ნინო გოგობერიშვილი, სოფელი ასურეთი.

  • ნუ ატირდებით, ქალო ნუ მტანჯავ, ნანილა, სიმღერა მიხეილ ხერგიანზე. ასრულებს მერლანების საოჯახო ანსამბლი, სოფელი წინწყარო.

  • დიაშ დარჯოლ. ასრულებს ზარიმა გულბიანი, სოფელი გოლთეთი.

  • ლილე, ჯგრაგი, ცხაუ ქრისდეშ, რიჰო, ყანსავ ყიფიანე, ზარი, თამარ დედფალ, მირანგულა, წმინდაო ღმერთო, ქრისტე აღდგა. ასრულებს სოფელ დიდგორის მომღერალთა ჯგუფი, ხელმძღვანელი ჯოტო არღვლიანი.


შენიშვნა: პუბლიკაციაში დამოწმებული ყველა მუსიკალური ნიმუში ჩაწერილია თეთრიწყაროს 2015 წლის კომპლექსური ექსპედიციის მიერ (ხელმძღვანელი ეთერ თათარაიძე) და ინახება საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის არქივში.