ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საკონცერტო დარბაზში, 17-18-19 ნოემბერს ოსური ცეკვის მასტერკლასი გაიმართება.
თბილისის და საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ქორეოგრაფები, ქორეოლოგები, სტუდენტები და მოცეკვავეები კვალიფიციურ და პრაქტიკულ გამოცდილებას მიიღებენ. მოეწყობა უნიკალური ვიდეოჩანაწერების ჩვენება, გაიმართება დისკუსია. სამდღიან მასტერკლასში მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
მასტერკლასების ხელმძღვანელია ფოლკლორის ცენტრის ქორეოგრაფიული მიმართულების ხელმძღვანელი, ქორეოგრაფი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ემერიტუს პროფესორი უჩა დვალიშვილი. მასტერკლასს ჩაატარებს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის ,,ნართების" კონსულტანტი ომარ ხუბაევი და ვლადიკავკაზის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის ,,ალანის" სოლისტები - მაია ძაგოევა, ასლანბეგ გოგიჩაევი და ათამაზ ხაბალოვი.
მასტერკლასი განკუთვნილია ქორეოგრაფებისთვის, ქორეოლოგებისთვის, სტუდენტებისა და პრაქტიკოსი მოცეკვავეებისთვის. მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია, ამიტომ 1⃣2⃣0⃣ აპლიკანტზე განაცხადების მიღება შეწყდება. განაცხადები მიიღება 14 ნოემბრის ჩათვლით. მასტერკლასზე დასწრების მსურველებმა უნდა შეავსონ ელექტრონული სააპლიკაციო ფორმა.
მასტერკლასის ჩატარების განრიგი:
17, 18, 19 ნოემბერს, 12:00-დან 15:00- საათამდე.
მონაწილეთა რეგისტრაცია 11:00 საათიდან.
პროექტი ხორციელდება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით.