საზოგადოებრივი მაუწყებლისა და ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ერთობლივი შემეცნებითი-საგანმანათლებლო პროექტი - 100 ქართული ხალხური სიმღერა - ითვალისწინებს, ფოლკლორული ანსამბლების მიერ საკუთარი კუთხის 10 საუკეთესო სიმღერის ჩაწერას. იდეა ანზორ ერქომაიშვილს ეკუთვნის. მას სურდა შემოენახა მომავალი თაობებისათვის საქართველოს ყველა კუთხის სასწავლო აუდიო-ვიდეო ჩანაწერი.
კახური ტრადიციული გამორჩეული სიმღერების ახლებური ვარიანტები დედას ლევანას სახელობის ანსამბლმა ,,შილდამ“ საზოგადოებრივი მაუწყებლის სტუდიაში ჩაწერა. გადაღება ორეტაპად მიმდინარეობს. უკვე ჩაიწერა შემდეგი ნიმუშები: მრავალჟამიერი, შემოძახილი, ართანული ალილი, საცაკვაო, ზამთარი, ღმერთმა ქნას, ჩაკრულო. მეორე ეტაპზე ჩაიწერება დამატებით სამი სიმღერა.
2000 წლის დასაწყისში ანზორ ერქომაიშვილმა მსგავსი პროექტი გურული და მეგრული სიმღერების აუდიო გამოცემა განახორციელა. ამის შემდეგ ბუბა ხოტივართან ერთად გადაიღო დაახლოებით, 20 გურული სიმღერა, რომელიც იყო სასწავლო დანიშნულების. ფაქტობრივად, აღნიშნული პროექტი განსხვავებული ფორმატით ანზორ ერქომაიშვილის დაწყებული საქმის გაგრძელებაა.
პირველი გადაღება-ჩაწერა განხორციელდა ფოლკლორის ცენტრის დარბაზში, სადაც ანსამბლმა ,,რიჰომ“ 10 სვანური სიმღერა შეასრულა. მომავალი დაგაღება გურული და აჭარული ხალხური სიმღერების სასწავლო აუდიო-ვიდეო გადაღებას დაეთმობა.