72606387_2440988996116841_6734684221081649152_o

ჯემალ ჭკუასელის წიგნის წარდგენა

„ერისიონის“ დარბაზში ფონდ „ქართული გალობისა“ და ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მიერ წიგნის – „ჯემალ ჭკუასელი“ – წარდგენა გაიმართა.

72652585_2440989092783498_7062053766618415104_o

2013 წელს ფონდმა ქართული სიმღერების აღდგენა-პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული ღვაწლისათვის, ჯემალ ჭკუასელს ქართული სიმღერის მოამაგის წოდება მიანიჭა.

ფონდ ,,ქართული გალობის“ და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საექსპედიციო მასალები გამორჩეულ ლოტბართა შესახებ, ფონდის მიერ პერიოდულად გამოიცემა.

მონოგრაფიის ავტორია პოეტი, ფოლკლორისტი ეთერ თათარაიძე, რედაქტორი კი ფოლკლორისტი - ამირან არაბული. ნაშრომი, რომელიც ნაწილობრივ ასახავს ლოტბარ ჯემალ ჭკუასელის ცხოვრებასა და შემოქმედებას, შეიცავს მრავალფეროვან ტექსტობრივ და ვიზუალურ მასალას.

72565216_2440988989450175_544886192852697088_o

მიძღვნით წერილებსა და ფოტოდოკუმენტებში იკვეთება შთამბეჭდავი პორტრეტი არაორდინარული ხელოვანისა, ღირსეულად რომ აგრძელებს წინამორბედთა შემოქმედებით გზას და ხელს უწყობს ახალი თაობების პროფესიულ დაოსტატებას.

გამოცემთა სერიის – „ქართული სიმღერის მოამაგენი“ – ფარგლებში უკვე მომზადდა მონოგრაფიები ტრისტან და გური სიხარულიძეების, ანდრო სიმაშვილის, პოლიკარპე ხუბულავას, როსტომ გოგოლაძისა და ისლამ ფილფანის მოღვაწეობის შესახებ. „ჯემალ ჭკუასელი“ - ამ სერიით გამოცემული მეექვსე წიგნია.

72350364_2440989562783451_8178594733564624896_o

საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „ერისიონი“ ქართველი ერის შემოქმედებითი შთაგონების უშრეტი წყაროა. სწორუპოვარ გუნდად „ერისიონი“  ჩამოყალიბება დიდწილად განაპირობა ქორეოგრაფ რეზო ჭოხონელიძისა და მისი სამხატვრო ხელმძღვანელის ჯემალ ჭკუასელის ნიჭიერებამ, პრინციპულობამ და მაქსიმალურმა მომთხოვნელობამ.

პრეზენტაციაში მონაწილეობდნენ საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „ერისიონი“ და გალობის უნივერსიტეტის გუნდი.