კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ქართული ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის კიდევ ერთი, ღვაწლმოსილი ლოტბარი დააჯილდოვა. სამინისტროს უმაღლესი ჯილდო „ხელოვნების ქურუმი“ ფოთის სალოტბარო სკოლის დირექტორს ეროდი ტიკარაძეს გადაეცა.
დაჯილდოების ცერემონიალი 6 ოქტომბერს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართა.
მნიშვნელოვანია, რომ ეროდი ტიკარაძე უკვე მე-5 ლოტბარია, რომელიც ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა აღნიშნულ ნომინაციაზე წარადგინა. ცერემონიალს ესწრებოდნენ ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი გიორგი დონაძე, ფოთის სალოტბარო სკოლის წარმომადგენლები.
საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინფორმაციით, დღეისათვის საქართველოს მასშტაბით სულ 17 სალოტბარო სკოლა ფუნქციონირებს. მნიშვნელოვანია, რომ სალოტბარო სკოლებში პროფესიონალი და გამოცდილი სპეციალისტები არიან დასაქმებული, ამასთან, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი პედაგოგთა პროფესიული დონის ამაღლებაზეც ზრუნავს. აღნიშნული პროექტის განხორციელებაში ცენტრს ხელს უწყობენ და ეხმარებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
ბატონი ეროდი ღვაწლმოსილი ხელოვანი, ქართული ხალხური სიმღერის მოამაგე და დიდოსტატი, ღირსების ორდენის კავალერი და ქალაქ ფოთის საპატიო მოქალაქეა. მომღერალ ოჯახში დაბადებულმა, ბავშვობიდან შეითვისა და შეიყვარა ქართული ხალხური სიმღერა და მთელი ცხოვრება მის სამსახურს მიუძღვნა. სხვადასხვა დროს იგი სენაკში, აბაშაში, ლანჩხუთსა და დედოფლისწყაროში ხელმძღვანელობდა გუნდებს. 1973 წლიდან დღემდე ნაყოფიერად მოღვაწეობს ქალაქ ფოთში, როგორც ლოტბარი და არაერთი ანსამბლის დამაარსებელი: ,,ფაზისი'' (1974), ,,ნორჩი ფაზისელები'' (1986), ახალგაზრდული ანსამბლი ,,ფოთი'' (1996), ,,კოლხი ბიჭები'' (2005)... ამ ანსამბლების წარმატებულმა მოღვაწეობამ არაერთხელ გაუთქვა სახელი ქართულ კულტურას საზღვარგარეთ. ეროდი ტიკარაძის ქალაქ ფოთის კულტური სახლისა (1980-95) და ფოლკლორის ცენტრის (1995-2007) დირექტორად მუშაობას უკავშირდება ფოთში თოჯინების თეატრის ჩამოყალიბება და მისთვის სახალხო თეატრის წოდების მინიჭება. ლოტბარი და პედაგოგი ეროდი ტიკარაძე დღესაც დაუღალავად იღწვის და ახალგაზრდა თაობებს აზიარებს ქართული ხალხური სიმღერის საშემსრულებლო ხელოვნებას.