helimishi

ხასან ჰელიმიში - აჭარელი ,,ფიროსმანი“

ხასან ჰელიმიშის სახით საქართველოს, აჭარას მეორე ფიროსმანი ჰყავს... ქართველ (ლაზ) მხატვარსა და პოეტ ხასან ჰელიმიშზე გიყვებით, რომელიც თურქეთის სოფელ ორთახოფაში (შუა ხოფა) 1907 წელს დაიბადა და დარჩენილი სიცოცხლე საქართველოში, ბათუმში გაატარა.


მხატვრის შემოქმედებაში ჭარბობს ლაზეთისა და აჭარის ყოფითი სურათები; სწორედ ამიტომაცაა მისი ხელოვნება ჭეშმარიტად ხალხური და ყველასათვის ახლობელი. ჰელიმიშმა ხატვა გვიან დაიწყო. მძიმე ეკონომიური მდგომარეობის მიუხედავად, მხატვარი ყოველთვის წინააღმდეგი იყო საკუთარი შემოქმედება შემოსავლის წყაროდ ექცია.
ბავშობიდან წერდა ლექსებს. ლაზური ბირაფების ხმაზე ამღერებული მისი ლექსები მალე გახალხურდა. როგორც თურქეთის მოქალაქემ, განაჩენი საკუთარ თავს მაშინ გამოუტანა, როცა არალეგალურად სარფში გადმოდიოდა და აქაურ ნათესავებს ნახულობდა.

IMG_2409

ქართველს ლაზს-ჭანს გული დედა სამშობლოსაკენ მოუწევდა, მისთვის გაუგებარი საზღვრით რომ ჩაეკეტათ. თურქეთის მთავრობამ მოღალატეს სიკვდილის განაჩენი გამოუტანა და დახვრეტდნენ კიდეც, რომ არა მისი სიძე თურქეთის სამართალდამცავი სისტემის თანამშრომელი, რომელმაც, სიცოცხლის ფასად, ცოლისძმა ჯერ ციხიდან გააპარა, შემდეგ კი საზღვარზეც გადმოიყვანა.
ხასან ჰელიმიშ ბათუმში დასახლდა. 1933 წელს საბჭოთა ხელისუფლების ინიციატივით აჭარიდან და აფხაზეთიდან რამდენიმე ლაზი ახალგაზრდა სასწავლებლად ლენინგრადში გაიგზავნა. სწავლის დასრულებამდე, უბედური შემთხვევის გამო, ხასანმა დაკარგა ცალი ფეხი, ისევ ბათუმში დაბრუნდა და დაოჯახდა. ხასან ჰელიმიში, როგორც არასანდო პიროვნება, ოჯახთან ერთად ციმბირის ქალაქ ვასიუგანში (ტომსკის რაიონი) გადაასახლეს (1949-1954).
1961-1967 წლებში პროფესორ სერგი ჯიქიას მიწვევით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე თურქულ ენას ასწავლიდა. შემდეგ უმუშევრად დარჩენილი მეწაღეობით ირჩენდა თავს.
2 მარტი ჰელიმიშის გარდაცვალების თარიღია. ხელოვანი 1976 წელს სოფელ სარფში დაკრძალეს. ხასან ჰელიმიშის ლექსები, სხვა ლაზურ ტექსტებთან ერთად, სხვადასხვა დროს გამოქვეყნდა, შედარებით სრულად კი გამომცემლობა ინტელექტის მიერ პროექტ ასი ლექსის ფარგლებში გამოიცა. ხასან ჰელიმიშის ტილოები დაცულია სარფის საშუალო სკოლის საექსპოზიციო დარბაზსა და ეთნოგრაფიულ მუზეუმში.


helimishi222

ფოლკლორის ცენტრის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მიმართულება
გოჩა ბალავაძე, გურამ გაბაშვილი