ადილეი2

ხალხური საღამოები - ფოლკლორის ცენტრის მხარდაჭერა ფოლკლორულ ანსამბლებს

პანდემიის პირობებში ქართული ტრადიციული სიმღერის ხელშეწყობა, შენარჩუნება, პოპულარიზაცია და  ტრადიციული შემსრულებლობის მხარდაჭერა - ეს არის მიზანი პროექტისა ,,ხალური საღამოები“, რომელსაც ფოლკლორის ცენტრი ბოლო თვეებია ახორციელებს.


ფოლკლორის ცენტრის დირექტორის, გიორგი დონაძის თქმით, თავდაპირველად, ღონისძიებები ფოლკლორის ცენტრის ეზოში ტარდებოდა. პანდემიის გამწვავებასთან ერთად ფორმატი შეიცვალა და ცენტრის დარბაზიდან ლაივ კონცერტები იმართებოდა - ,,დასაწყისში გათვალისწინებული იყო ხუთი ფოლკლორული ანსამბლის ჩართვა, თუმცა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით პროექტი გაგრძელდა და 22-მა ანსამბლმა მიიღო მონაწილეობა. სასიხარულოა, რომ შევძელით რამდენიმე ინდივიდუალური, საოჯახო ანსამბლისა და რეგიონების ჩართვა. 21 დეკემბერს სამეგრელოში მივემგზავრებით, სწორედ იქ გაიმართება ,,ხალხური საღამოების“ ბოლო კონცერტი“.


პროექტი წელს 12 ოქტომბერს დაიწყო. ანსამბლებმა წარმოადგინეს საქართველოს თითქმის ყველა კუთხის სიმღერა და საკრავები. შესრულდა როგორც სოლო, ასევე შერეული კონცერტები. ტრადიციულ ხალხურ სიმღერებთან ერთად წარმოდგენილი იყო ქალაქური ფოლკლორიც. აღსანიშნავია, რომ ცენტრმა მოახერხა რამდენიმე რეგიონის ჩართვაც - კახეთიდან ანსამბლი ,,შილდა“; გურიაში, ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში გამართულ კონცერტზე ოთხმა ადგილობრივმა ანსამბლმა იმღერა;  21 დეკემბერს, კი სამეგრელოდან კიდევ ორი ანსამბლი ჩაერთვება.


,,ხალხური საღამოები“ მეორე წელია იმართება. ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი პროექტები, განსაკუთრებით თბილისური ანსამბლებისათვის და განსაკუთრებით პანდემიის პირობებში, როდესაც დაგეგმილი ღონისძიებების უმრავლესობა საქართველოსა თუ მის ფარგლებს გარეთ გაუქმდა. შეიძლება ითქვას, რომ პროექტმა წარმატებით ჩაიარა და უფრო დიდი აუდიტორია მოიცვა, ვიდრე ეს შესაძლებელი იქნებოდა ფიზიკური დასწრების შემთხვევაში“ - ამბობს პროექტის ორგანიზატორი, ფოლკლორის ცენტრის დარბაზის მენეჯერი გივი აბესაძე.


,,ხალხურ საღამოებს“ საკმაოდ ბევრი უცხოელი მაყურებელი ჰყავდა. აღსანიშნავია პროექტის ერთგული გულშემატკივრების შეძენა და მათი აქტიურობა ყოველ ორშაბათს და ხუთშაბათს - კონცერტების დღეს. მათი კეთილგანწყობა, შეფასება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ფოლკლორის ცენტრისათვის.


გვინდა შემოგთავაზოთ მონაწილეთა ჩამონათვალი: ბასიანი; დიდგორი; ერისიონი; ადილეი; რანინა; ტრიო იარალი; შილდა; ალეკო ხიზანიშვილი და ხვიჩა ხთისიაშვილი; თბილისი; ნანინა; გერსამიების ოჯახი; გორდა; გურია - ტრიო ლაზარე, ტრიო შალვა ჩემო, რეხეული, შემოქმედი; სათანაო; მელორამა; ჩვენებურები; იალონი; სახიობა; სამგრელო - ბედინერა და ჩხოროწყუ.



ფოლკლორის ცენტრი დიდ მადლობას უხდის პროექტის თითოეულ მონაწილეს. მიუხედავად მწვავე პანდემიისა, მათ შეძლეს და ჩაერთნენ პროექტში. მნიშვნელოვანია, რომ სახლში მყოფი მოქალაქეების გარკვეული ნაწილისათვის, ქართული ხალხური სიმღერის მოყვარულთათვის ,,ხალხური საღამოები“ დადებითი განწყობის შემქმნელი პროექტი აღმოჩნდა.


პროექტის ფარგლებში წელს განხორციელდა:



  • 15 კონცერტი - ფოლკლორის ცენტრის ეზოსა და დარბაზში;

  • მონაწილეობდა 22 ანსამბლი - 224 მომღერალი, 2 ინდივიდუალური შემსრულებელი იყო და ერთი საოჯახო ანსამბლი;

  • რეგიონების ჩართულობა - კახეთი, ანსამბლი ,,შილდა“; გურია, ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრის დარბაზი - 4 ადგილობრივი ანსამბლი. სამეგრელო, 2 ადგილობრივი ანსამბლი.


,,ხალხური საღამოები“ გასულ წელს დაიწყო. ,,ხალხური საღამოების“ ფარგლებში 10-მა ფოლკლორულმა ანსამბლმა: ადილეიმ, სახიობამ, დიდგორმა, ანჩისხატმა, შილდამ, სათანაომ და შავნაბადამ, - კონცერტები გამართეს საქართველოს ქალაქში, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის განახლებულ დარბაზში, კი კონცერტები ჩაატარეს რიჰომ (მესტია), ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლმა და ნადურმა (წყალტუბო).


პროექტი ხორციელდება საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიციატივითა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს შემუშავებული რეგულაციების სრული დაცვით.