AFSHA 5 (1)

წიგნის - ,,როსტომ გოგოლაძე" - პრეზენტაცია

14 დეკემბერს, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში ფონდი „ქართული გალობა“ გამართავს წიგნის – „როსტომ გოგოლაძის“ – პრეზენტაციას.
2013 წელს ფონდმა რაჭული სიმღერების აღდგენა-პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული ღვაწლისათვის, როსტომ გოგოლაძეს ქართული სიმღერის მოამაგის წოდება მიანიჭა. ფონდისავე ინიციატივით, პერიოდულად გამოიცემა მონოგრაფიები მის მიერ დაჯილდოებული ღვაწლმოსილი ლოტბარების შესახებ. სერიის – „ქართული სიმღერის მოამაგენი“ – ფარგლებში უკვე მომზადდა მონოგრაფიები ტრისტან და გური სიხარულიძეების, ანდრო სიმაშვილისა და პოლიკარპე ხუბულავას მოღვაწეობის შესახებ. „როსტომ გოგოლაძე“ ამ სერიით გამოცემული მეოთხე წიგნია.
გამოცემა ეძღვნება როსტომ გოგოლაძის მიერ დაარსებული ანსამბლის – „საგალობლის“ – 45 და თავად მაესტროს 70 წლისთავს. წიგნში აღწერილია ლოტბარ როსტომ გოგოლაძის მიერ განვლილი ვრცელი შემოქმედებითი გზა. რაჭული სიმღერის ძიების, აღდგენა-გადარჩენის ურთულესი პროცესი, „საგალობლის“ შექმნისა და მოღვაწეობის ისტორია, წინამორბედთა და ანსამბლის წევრთა შემოქმედებითი ბიოგრაფიები. ასევე მკითხველი გაეცნობა რაჭული ფოლკლორის ორ გამორჩეულ ფენომენს –სანახშოსა და გუდასტვირს.
წიგნში უხვადაა ფოტო და დოკუმენტური მასალები, ერთვის აუდიოალბომი.
პრეზენტაციაში მონაწილეობენ ანსამბლი "საგალობელი" და გალობის უნივერსიტეტის სტუდენტური გუნდი.


დასაწყისი 15:00 საათზე