Folk_Poster_07_04_2015 (1) (1)_001

ძველი და ახალი თუშეთი

 

14 აპრილს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში გაიხსნება ლილი მურთაზაშვილის პერსონალური  გამოფენა:  „ძველი და ახალი თუშეთი".

გამოიფინება თუშურ ფარდაგთა ნაირსახეობა, ასევე თუშური ყოფისა და წეს-ჩვეულებებისათვის დამახასიათებელი ნივთები: სადღვებელი, თუჯის ქვაბები, თუნგები, ხონჩები, ღვინის ჭურჭელი, მწყემსის აღჭურვილობა და სხვა.

თუშეთი, ტრადიციების, წეს-ჩვეულებებისა და გამოყენებითი ხელოვნების მრავალფეროვნებით, საქართველოს მთიანეთის ერთ-ერთი გამორჩეული კუთხეა.  თუშურ ყოფაში ოდითგანვე დიდი ადგილი ეჭირა თუშურ ცხვარსა და მატყლს, მატყლისაგან დამზადებულ მხატვრულ ქსოვილთა შორის კი - თავისი კოლორიტით, ფერთა თავშეკავებული გამითა და განსაკუთრებული ორნამენტული წყობით - თუშურ ფარდაგს.

მატყლის ხელით დამუშავებისა და ბუნებრივ სამკურნალო მცენარეებში ღებვის ტრადიცია ლილი მურთაზაშვილმა და  მისმა ჯგუფმა გააგრძელა. მცირე გრანტის პროგრამის ფარგლებში, გაიმარჯვა ტრადიციული თუშური რეწვის შენარჩუნება-აღორძინების  პროექტმა, რომელმაც ლილი მურთაზაშვილთან ერთად საერთო ინტერესით შვიდი ქალბატონი გააერთიანა. საქმიანობა პროექტის დასრულების შემდეგაც გაგრძელდა და დღესაც ისინი სკოლის მოსწავლეებს უსასყიდლოდ ასწავლიან თუშურ ხელსაქმეს. ამ ჯგუფის მიზანია თუშური ხელსაქმის, მატყლისა და ცხვრის ჯიშის პოპულარიზაცია.

გამოფენა ეძღვნება ცხინვლში წამებით მოკლული საქართველოს ეროვნული გმირის - გიორგი ანწუხელიძის - ხსოვნას.

გამოფენა გაიხსნება 19:00 საათზე