6

ცაგერში სალოტბარო სკოლა გაიხსნა

15 ნოემბერს ცაგერის კულტურის ცენტრში საზეიმოდ გაიხსნა საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის რიგით 21-ე სალოტბარო სკოლა ღონისძიების გახსნას დაესწრნენ: საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი გიორგი დონაძე, დირექტორის მრჩეველი გიორგი გაბუნია, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის გამგებლები, ცაგერის მერი, საკრებულოს თავმჯდომარეები, ადგილობრივი სპეციალისტები, ფოლკლორის მოყვარულები და საპატიო სტუმრები. ,,ცენტრის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად კვლავ სალოტბარო სკოლები რჩება, რომლებიც უნიკალური ქართული სიმღერა-გალობის გადარჩენასა და პოპულარიზაციას ემსახურება. ამჟამად მთელ საქართველოში 21 სალოტბარო სკოლა ფუნქციონირებს, რომლებშიც 700-მდე მოსწავლე უფასოდ ეუფლება ქართულ სიმღერასა და ტრადიციულ გალობას. ამასთანავე საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრსა და ცაგერის მუნიციპალიტეტს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი განაპირობებს და ხელს შეუწყობს სალოტბარო სკოლის ეფექტურ ფუნქციონირებას. დიდ იმედებს ვამყარებთ ცაგერის სალოტბარო სკოლის პროფესიონალ და გამოცდილ პედაგოგებზე. საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი მუდმივად იზრუნებს სალოტბარო სკოლის პედაგოგთა პროფესიული დონის ასამაღლებლად" - აღნიშნა საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორმა გიორგი დონაძემ. ღონისძიების დასასრულ, ახალგახსნილმა სალოტბარო სკოლის მოსწავლეებმა (ამა წლის მარტიდან ფუნქციონირებს) შეასრულეს ქართული ხალხური სიმღერისა და ტრადიციული გალობის რამდენიმე ნიმუში.