WhatsApp Image 2020-12-08 at 21.50.25-gigapixel-scale-2_00x111

,,ჩვენ ხალხურ სიმღერაზე ძვირფასი არაფერი გაგვაჩნია” - თემურ ქევხიშვილი

,,საუკუნის ხმა" - ასე უწოდა უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, ილია მეორემ თემურ ქევხიშვილს - ქართულ ხალხურ სიმღერაზე უზომოდ შეყვარებულ ხელოვანს.
ქართლ-კახური მღერის დიდოსტატი, უნიკალური მეორე ხმა, დაუვიწყარი მისეული-თემურისეული ვარიანტების შემსრულებელი - ისეთი, ერთხელ რომ მოისმენ და არასოდეს დაგავიწყდება, არავისში აგერევა… ლეგენდარული ,,გორდელას" ერთ-ერთი დამაარსებელი მომაჯადოებელი, ხავერდოვანი ხმითა და შემსრულებლობის განსაკუთრებული მანერით შეიყვარა ხალხმა.
თემურ ქევხიშვილს უდიდესი წვლილი მიუძღვის ქართული ხალხური სიმღერის გადარჩენასა და გავრცელებაში. ომიანობის დროს, 90-იან წლებში, მაშინ როცა ქვეყანაში არავის ემღერებოდა, იგი ბავშვებს ქართულ ხალხურ სიმღერას ასწავლიდა. ,,საქართველოს სიმღერის მასწავლებელი” (როგორც მას ხალხმა შეარქვა) - ათი წლის განმავლობაში უძღვებოდა სატელევიზიო გადაცემას ,,ქართული ხალხური სიმღერების გაკვეთილები”. ლოტბარი სიცოცხლის ბოლომდე თავდადებით ემსახურა ქართულ ხალხურ მუსიკას.
ფოლკლორის ცენტრის დირექტორი, გიორგი დონაძე იხსენებს: - ,,თემურ ქევხიშვილის უნიკალურმა სასიმღერო შესრულებამ დიდი გავლენა მოახდინა ჩემი მუსიკალური გემოვნების ჩამოყალიბებაზე. მაშინ ბავშვები ვიყავით. მახსოვს, მე და ჩემი ძმა როგორ ველოდებოდით ტელევიზორში ქევხიშვილის გამოჩენას და ხალხური სიმღერის გაკვეთილების დაწყებას. გამორჩეული ხმის ტემბრი და თემურისეული სიმღერის მანერა... უნიჭიერესი მუსიკოსი და გამორჩეული დირიჟორი იყო. საქართველოს ყველა კუთხის სიმღერის ძალიან კარგი მცოდნე, ქართლ-კახური სიმღერის უბადლო ოსტატი, შეუდარებელი და დიდი მომღერალი. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ თემურ ქევხიშვილის გარდაცვალების გამო, ვუთანაგრძნობ მის ოჯახს, აღზრდილებსა და მისი შემოქმედების მოყვარულთ“.
,,ქართული ხალხური სიმღერის სიყვარული მხოლოდ სიმღერის სიყვარული კი არა, სამშობლოსა და პიროვნების სიყვარულია. ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, ხალხურ სიმღერაზე ძვირფასი არაფერი გაგვაჩნია” - ამ სიტყვების მთქმელმა დიდმა მაესტრომ - თემურ ქევხიშვილმა აღზარდა საქართველოში თაობები, რომლებიც დღეს უნიკალური ქართული მრავალხმიანი სიმღერის ტრადიციას აგრძელებენ…
თემურ ქევხიშვილის გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია ქართული კულტურისათვის…
თანავუგრძნობთ მთელ ქვეყნას...