საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის თანამშრომელთა ჯგუფი (ნანა კალანდაძე, ნატალია ზუმბაძე, მაია მაისურაძე, არჩილ ბურჭულაძე) გამოსაცემად ამზადებს ქართული ფოლკლორის ღვაწლმოსილი მკვლევრის, შალვა ასლანიშვილის ხელნაწერ შრომას `ზემო და მთის რაჭის ხალხური სიმღერები~ (1950წ.), რომელიც ცენტრის არქივშია დაცული (ნაშრომში განხილულია 1949 წელს ზემო რაჭაში მეცნიერის ხელმძღვანელობით ჩატარებულ ექსპედიციაში მოპოვებული მასალები. შრომას ახლავს 11 სიმღერის სანოტო ჩანაწერიც).
თავდაპირველად განზრახული იყო მხოლოდ შ. ასლანიშვილის სამეცნიერო ნაშრომის გამოცემა, მაგრამ შემდეგ პროექტმა გაცილებით ფართო მასშტაბი მიიღო და საექსპედიციო მუშაობაც მოითხოვა. საჭიროდ მივიჩნიეთ: 1. 1949 წელს ჩაწერილი მომღერლების შესახებ ინფორმაციისა და ფოტოების მოძიება (2007 წელს გამოქვეყნებული ლილვაკების კოლექციის `ხმები წარსულიდან. ქართული ხალხური მუსიკა ფონოგრაფის ცვილის ლილვაკებიდან~ მიხედვით შემსრულებელთა უმეტესობის ვინაობა უცნობია); 2. ზემო რაჭაში ხალხური მუსიკის ბოლოდროინდელი ვითარების დაფიქსირება და კვლევა, რაც თითქმის შვიდი ათეული წლის განმავლობაში მომხდარი ცვლილებების გაანალიზების საშუალებასაც მოგვცემდა.
ამ მიზნით 2016 წლის ზაფხულში ზემო რაჭაში ჩატარდა საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგანგებო ექსპედიცია (ხელმძღვანელი _ ნატალია ზუმბაძე).
გამოცემაში შ. ასლანიშვილის სამეცნიერო ნაშრომს დაერთვება: ორი აუდიოდისკი (ზემო რაჭის 1949 და 2016 წლების ექსპედიციების ჩანაწერებით), ასევე _ ჩვენ მიერ მოძიებული ინფორმაცია 1949 წლის მომღერლების შესახებ, მათი ფოტოები და ჩვენი ექსპედიციის აუდიომასალების სამეცნიერო კვლევის შედეგები.