_DSC5953

შეხვედრა ფოლკლორის ცენტრში

დღეს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში გაიმართა  შეხვედრა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გახსნილი ფოლკლორული სკოლების ლოტბარებთან, რეგენტებთან, ქორეოგრაფ-ქორეოლოგებთან, ზეპირსიტყვიერებისა და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების სპეციალისტებთან. მათ უნდა უზრუნველყონ იმ პროექტის წარმატებით შესრულება, რომელსაც საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი რეგიონებში ახორციელებს.

სალოტბარო სკოლაში, ფოლკლორის ცენტრის მიერ შემუშავებული პროგრამის საფუძველზე, მსურველები უფასოდ შეისწავლიან უძველეს ქართულ სიმღერებსა და ტრადიციულ გალობას, ფოლკლორის ყველა დარგს. გამორჩეულად ნიჭიერ ახალგაზრდებს, სალოტბარო სკოლის დამთავრების შემდეგ, შესაძლებლობა ექნებათ, თბილისის გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლეს სასწავლებელში განათლება უფასოდ მიიღონ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ეგიდით, საქართველოს ყველა რეგიონის მუნიციპალურ ცენტრსა და თვითმმართველ ქალაქში ეტაპობრივად იხსნება ფოლკლორის ცენტრის წარმომადგენლობები და ფოლკლორული სკოლები, რომლებიც ხელს შეუწყობენ უნიკალური ქართული სიმღერა-გალობის, ქართული ცეკვის, ზეპირსიტყვიერების, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გადარჩენას, მოვლასა და პოპულარიზაციას.

ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში ცენტრს ხელს შეუწყობენ და დაეხმარებიან რეგიონული და რაიონული ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.