2 აპრილს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში გაიმართა შეხვედრა მწერალსა და კრიტიკოსთან გია არგანაშვილთან. სტუმარმა ისაუბრა თემაზე: ,,ფოლკლორი და ინდივიდუალური შემოქმედება".
გია არგანაშვილი პროფესიით კინოსცენარისტია. იგი აქტიურად და წარმატებით მოღვაწეობს ლიტერატურის, კინოს, თეატრისა და განათლების სფეროში; დაჯილდოვებულია არაერთი ლიტერატურული და კინო პრემიით; გამოცემული აქვს: პროზაული ტექსტები - ,,შეავსეთ სიცარიელე" , კრიტიკული წერილების, ესეის, დოკუმენტური პროზის კრებული - ,ამაოდ არც მთაწმინდაზე უსეირნიათ".
მისი სცენარების მიხედვით გადაღებულია სრულმეტრაჟიანი ფილმი ,,იაკობ გოგებაშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა", რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, ტელეფილმი და სატელევიზიო გადაცემა. მისი პუბლიკაციები, მხატვრული პროზა, კრიტიკული წერილები იბეჭდება ლიტერატურულ პერიოდიკაში: ,,ლიტერატურული პალიტრა", ,,ჩვენი მწერლობა", ,,ლიტერატურა", ,,არილი", ,,ახალი საუნჯე". მას აქვს პედაგოგიური მუშაობის მრავალწლიანი კერძო პრაქტიკა ქართულ ენასა და ლიტერატურაში.
გია არგანაშვილი მუშაობდა გურამ რჩეულიშვილის, ერლომ ახვლედიანისა და ვახტანგ გამრეკელის ლიტერატურულ არქივზე. მისი რედაქტორობით გამოიცა გურამ რჩეულიშვილის თხზულებათა ხუთტომეულის მეოთხე ტომი;
ამჟამად მუშაობს მონოგრაფიაზე ,,ცხოვრება და შემოქმედება ერლომ ახვლედიანისა".
ყოველი თვის პირველ კვირას საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში იმართება შეხვედრები საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებთან. თემა განისაზღვრება მოწვეული სტუმრის პროფესიის მიხედვით.
პროექტის მიზანია საზოგადოებაში ეროვნული ცნობიერების ამაღლება, მომავალი თაობის თვითიდენტიფიკაცია, რაც ხელს შუწყობს საზოგადოებრივ პროცესებში მეტად ჩართულობასა და სოციუმის გაჯანსაღებას.