ფოლკლორის ცენტრის მიერ გამოცხადებული კონკურსის - შენი ფოლკლორული იდეა - ერთ-ერთი გამარჯვებულის გიორგი კრავეიშვილის პროექტის - ექსპედიცია სამეგრელოში - პრეზენტაცია გაიმართა.
გიორგი კრავეიშვილმა მიმოიხილა ექსპედიციის მიმდინარეობა და შედეგები, დამსწრეთ გააცნო მოპოვებული ფოლკლორული მასალის სხვადასხვა ჟანრის რამდენიმე ნიმუში. ექსპედიციას ჰქონდა კონკრეტული მიზანი _ მეგრული ზარის, აკვნის ნანების, ქალთა და მამაკაცთა ტირილებისა და საბავშვო ინტონირებული თამაშობების მოძიება ჩაწერა. 13 ივლისიდან 2 აგვისტომდე ექსპედიციამ ზუგდიდისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტების ათ სოფელში, ვარიანტების ჩათვლით, 200-მდე ფოლკლორული ნიმუში ჩაიწერა. ექსპედიციის შედეგების მნიშვნელობაზე ისაუბრა პროექტის კოორდინატორმა, ხალხური მუსიკის მიმართულების ხელმძღვანელმა ნანა ვალიშვილმა.
გიორგი კრავეიშვილმა დამუშავებული და პასპორტიზებული აუდიო და ფოტომასალა ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის არქივს გადასცა. კონკურსი განხორციელდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს "კულტურის ხელშეწყობის" პროგრამის ფარგლებში.