10 ოქტომბერს, 18:00 საათზე საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში ფონდი „ქართული გალობა“ გამართავს მგალობელ-მომღერალთა ანსამბლ „შემოქმედის“ პირველი აუდიო ალბომის წარდგენას.
ფონდის ერთ-ერთი პრიორიტეტია რეგიონებში არსებული ახალგაზრდული ანსამბლების და ახალგაზრდა ლოტბარების ხელშეწყობა, მათი აუდიოჩანაწერების გამოცემა-პოპულარიზება. ფონდის წლევანდელ რჩეულებს შორის ანსამბლი „შემოქმედი“ შეირჩა.
„შემოქმედის“ მიზანი ქართული საეკლესიო გალობის, უპირატესად, ადგილობრივი – შემოქმედის სკოლის ნიმუშების შესწავლა, ღვთისმსახურებაში დაბრუნება და ძველი გურული სიმღერების მომავალი თაობისათვის გადაცემაა.
ანსამბლი წარმატებით გამოდის ტრადიციული მუსიკის კონცერტებსა და საღამოებზე, მონაწილეობს რესპუბლიკურ და საერთაშორისო ფესტივალებში; 2015-16 წლების საქართველოს ფოლკლორის ეროვნულ დათვალიერება-ფესტივალზე „შემოქმედი“ პირველი ადგილის მფლობელი გახდა (ნომინაცია „ხალხური სიმღერის ახალგაზრდული ანსამბლი“).