შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი ტრადიციულად შავიზღვისპირეთში ჩატარდა და წელს, გურიასთან ერთად, აჭარამაც უმასპინძლა. კონცერტები 31 აგვისტოს და 1 სექტემბერს, ბათუმსა და შეკვეთილში გაიმართა, ხოლო 2 სექტემბერს გრანდიოზული გალა კონცერტით „ბლექ სი არენაზე“ დასრულდა. ფესტივალი, რომლის ავტორი და ორგანიზატორი ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრია, Black Sea Arena-ს, ,,Check in Georgia"-სა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა.
წელს ფესტივალი სამ დღის განმავლობაში გაგრძელდა და 7 ქვეყანას უმასპინძლა. მაყურებლის წინაშე ესპანეთის, იტალიის, პოლონეთის, უკრაინის, სომხეთის, თურქეთისა და საქართველოს ფოლკლორული ანსამბლები წარსდგნენ და თავიანთი ქვეყნის უნიკალური ხალხური ტრადიციები, სიმღერითა და ცეკვით წარმოადგინეს.
