11 წლის ნუგო სულამანიძე - ფოლკლორის ცენტრის ქობულეთის სალოტბარო სკოლის წარჩინებული მოსწავლე, სხვა ნიჭიერ ბავშვებთან ერთად თბილისის მერიამ სპეციალური პრიზით დააჯილდოვა.
ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორის, გიორგი დონაძის, წარდგენის შემდეგ, ნუგომ ანსამბლ ბასიანთან ერთად ხასანბეგურას აჭარული ვარიანტი შეასრულა.
თავდაპირველად, ქართული ხალხური სიმღერა-გალობა ქობულეთის სალოტბარო სკოლის ლოტბარმა გურამ გუნთაძემ შეაყვარა და შეასწავლა. განსაკუთრებით კარგად გამოსდის კრიმანჭული. ,,ოჯახში ყველა ვღერით - დედა, ჩემი ხუთივე და, პატარა 8 თვის დასაც უკვე ეტყობა, რომ კარგი სმენა ექნება,“ - ამბობს, პატარა მომღერალი.
,,ჩვენ თაობას გვავალია შევინარჩუნოთ ხალხური სიმღერა. საოცარი განძის პატრონები ვართ, როგორი პოლიფონია გვაქვს... ამ ყველაფერს სჭირდება დამატებით ძალისხმევა სახელმწიფოსა და ოჯახების მხრიდან. მე ხშირად ვუხდი მადლობას ჩვენი სალოტბარო სკოლის მშობლებს და ზოგადად ყველა მშობელს, მათი გადაწყვეტილების გამო, შვილები აზიარონ ქართულ ტრადიციულ კულტურას - სიმღერას, ცეკვას... მეც დედაჩემმა და მამაჩემმა მიმიყვანა სიმღერაზე, რომ არა ისინი, არც ვიცი როგორ წავიდოდა ჩემი ცხოვრება“, - აღნიშნა გიორგი დონაძემ.
დღეს ქვეყნის მასშტაბით 27 სალოტბარო სკოლა ფუნქციონირებს, სადაც ბავშვები ქართულ ტრადიციულ სიმღერა-გალობას შეისწავლიან.