24 დეკემბერს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში გაიხსნება ქართული ოქრომკედის განვითარების ასოციაციის შემოქმედებითი ჯგუფის გამოფენა -„ქართული ნაქარგობა“. გამოფენა ეძღვნება უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის აღსაყდრების 41-ე წლისთავს.
ქართული ოქრომკედის განვითარების ხელშემწყობი ასოციაციის დამფუძნებელი და თავმჯდომარეა საქართველოს დამსახურებული მხატვარი დოდო ნემსაძე. 2003 წლიდან ასოციაციაში გაერთიანებულია 100-მდე ქართველი მქარგავი ქალბატონი. დოდო ნემსაძემ საფუძვლიანად შეისწავლა ქართული ოქრომკედის ტექნიკა, შეადგინა ერთწლიანი სასწავლო პროგრამა, შემოიკრიბა უამრავი ნიჭიერი მქარგავი მანდილოსანი. იგი ღირსეულად გადასცემს ამ უნიკალურ კულტურულ საგანძურს თავის მოსწავლეებს.
ასოციაციამ მოაწყო მრავალი გამოფენა საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა და მუზეუმში, მათ შორის ბათუმსა და ქობულეთში. კუნძულ კვიპროსზე გაიხსნა ერთწლიანი მუდმივი ექსპოზიცია.
ასოციაციის ხელმძღვანელის სურვილია ქართველმა საზოგადოებამ გაიცნოს ეროვნული კულტურული მემკვიდრეობა და ქართველი ქალის ნიჭიერება.
გამოფენა გაიხსნება 17:00 საათზე
დაიხურება 28 დეკემბერს.