PaxMontana_W0A0720

ქართული მრავალხმიანობა ალპებში

6-9 ივლისს შვეიცარიაში, ობვალდენის კანტონში გაიმართა ტრადიციული მუსიკის რიგით მე-12 ფესტივალი. ტრადიციისამებრ, ყოველ წელს აღნიშნულ ფესტივალზე მხოლოდ ერთი სტუმარი ქვეყნის ფოლკლორია წარმოდგენილი. წელს ფესტივალის სტუმარი ქვეყანა საქართველო იყო. მგალობელ-მომღერალთა გუნდი ,,დიდგორი" და ტრიო ,,დები ზვიადაურები" თავად ფესტივალის ორგანიზატორმა, მარტინ ჰესისმა შეარჩია. მანამდე მან საქართველოში იმოგზაურა და ფესტივალში მონაწილეები თავად შეარჩია. ფოლკლორული მუსიკის ფესტივალის (Volkskulturfest) ოფიციალური გახსნა 5 ივლისს, ობვალდენის კანტონში, გიზვილის მუნიციპალიტეტში გაიმართა.

4 დღიანი ფესტივალის გახსნის ცერემონიალზე მრავალრიცხოვან მოწვეულ საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა ობვალდენის კანტონის პრეზიდენტმა, მაია ბიუხი-კაიზერმა. ფესტივალის გახსნას დაესწრო შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს ელჩი, ირაკლი ყურაშვილი. ქართულმა ანსამბლებმა საქართველოს სხვადასხვა კუთხის სიმღერები შეასრულეს. თითოეულ კონცერტს ათასზე მეტი მაყურებელი დაესწრო. ქართველმა და ადგილობრივმა მუსიკოსებმა ერთმანეთს შთაბეჭდილებები და გამოცდილება გაუზიარეს, რის შედეგადაც რამდენიმე ერთობლივი მუსიკალური ნომერი დაიბადა და მაყურებლის წინაშე ექსპრომტად შესრულდა. ,,დიდგორისა'' და ,,დები ზვიადაურების'' შესრულებამ მსმენელთა დიდი მოწონება დაიმსახურა. აღნიშნულ ღონისძიებას შვეიცარიული გაზეთი "Luzerner Zeitung''-ი გამოეხმაურა.