12232862_1680967708785644_7571701603700842971_o

ფოტოგამოფენა

17 ნოემბერს 18:00 საათზე საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში გაიხსნება საქართველოს სახალხო არტისტის, ჟურნალისტისა და საზოგადო მოღვაწის, ,,სუხიშვილების" ანსამბლის ყოფილი წამყვანი სოლისტის თენგიზ უთმელიძის პერსონალური ფოტოგამოფენა - ,,ქართულო ცეკვავ, სულო ელვისა".
გამოფენა წარმოაჩენს ქართული ცეკვის აკადემიური ანსამბლის უნიკალურ შემოქმედებით მატიანეს გასული საუკუნის 60-70-იან წლებში.
ფოტოებზე შეიგრძნობა სილამაზე ქართული ცეკვისა, უზადო საშემსრულებლო ოსტატობა და პლასტიკა ანსამბლის ვირტუოზ მოცეკვავე-სოლისტთა, რომლებმაც ქართული ცეკვის განუმეორებელი ხიბლითა და თვითმყოფადობით მოაჯადოვეს მთელი პლანეტა, დაიპყრეს მსოფლიოს საუკეთესო თეატრების სცენები.
თენგიზ უთმელიძის მიერ წლების მანძილზე შექმნილი ფოტომატიანე აცოცხლებს ანსამბლის რომანტიკულ საგასტროლო ცხოვრებას, მოცეკვავეთა შეხვედრებს მსოფლიოს გამოჩენილ ადამიანებთან, იმ ყველაზე წარმატებულ პერიოდს, რომელსაც თვით ქართული ცეკვის სწორუპოვარმა დედოფალმა ნინო რამიშვილმა ანსამბლის ,,ოქროს ხანა" უწოდა.
თენგიზ უთმელიძის მდიდარი ფოტოარქივიდან ამჟამინდელ გამოფენაზე წარმოდგენილია 150-მდე ფოტოსურათი. ფოტონამუშევრებთან ერთად გამოიფინება გამოჩენილი მხატვრის სოლიკო ვირსალაძის მიერ ანსამბლისთვის შექმნილი ქართული კოსტიუმები.
ფოტოგამოფენა ეძღვნება ლეგენდარული ანსამბლის ყველა დროის საუკეთესო შემსრულებლის ნინო რამიშვილისა და ილიკო სუხიშვილის სახელობის ქართული ნაციონალური ბალეტის 70 წლისთავს.
ფოტოგამოფენა გაგრძელდება 26 ნოემბრამდე.