5

ექსპედიცია აჭარაში

პროექტი "ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული ნიმუშების დაფიქსირება - საარქივო მასალების შექმნა" (კომპლექსური ექსპედიცია შუახევის მუნიციპალიტეტის სოფლებში) განხორციელდება სამ ეტაპად. საექსპედიო ჯგუფი დაკომპლექტებულია დარგობრივი სპეციალისტებითა და ტექნიკური პერსონალით.
2016 წლის 19 აპრილიდან იწყება პროექტის პირველი ეტაპი; 29 აპრილის ჩათვლით შუახევის მუნიციპალიტეტის სოფლებში იმუშავებს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრისა და შუახევის კულტურის ცენტრის ერთობლივი ფოლკლორისტული ექსპედიცია. ექსპედიცია კომპლექსურია. ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მხრიდან მასში მონაწილეობენ: ეთნომუსიკოლოგები - ნატალია ზუმბაძე (ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი) და თეონა რუხაძე (ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი); ქორეოლოგი უჩა დვალიშვილი (ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი), ხმის რეჟისორი არჩილ ბურჭულაძე, ვიდეოოპერატორი ნიკოლოზ გოგაშვილი და მძღოლი ნიკოლოზ ირემაშვილი. აჭარის მხრიდან ექსპედიციაში ჩართულები არიან შუახევის კულტურის ცენტრის ფოლკლორის მიმართულების ხელმძღვანელი, ეთნომუსიკოლოგი ლოლიტა სურმანიძე და დოკუმენტალისტი გივი ნახუცრიშვილი.

კომპლექსური ექსპედიცია ეთნომუსიკოლოგებით და ქორეოლოგით შემთხვევით არ დაკომპლექტებულა: საცეკვაო და საფერხულო ჟანრის ნიმუშების ხვედრითი წილი აჭარულ ხალხურ მუსიკაში საქართველოს სხვა რეგიონებთან შედარებით განუზომლად დიდია. მათი ჩაწერა და შემდგომი სამეცნიერო კვლევა კი ამ დარგების სპეციალისტთა ერთობლივი მუშაობით გაცილებით ნაყოფიერი იქნება.
ექსპედიცია განსაკუთრებულია იმითაც, რომ მთელ მუსიკალურ მასალას ადგილზე მოძრავი ხმის ჩამწერი სტუდიით დააფიქსირებს.
მიმდინარეობს წინასწარი მოსამზადებელი სამუშაოები. უკვე შედგენილია მიახლოებითი მარშრუტი, რომელიც 20-მდე სოფელს მოიცავს. ესენია: ბრილი, დარჩიძეები, დღვანი, ზემოხევი, ინწკირვეთი, კვიახიძეები, ლომანაური, ნაღვარევი, ოლადაური, ტაკიძეები, ფურტიო, შუბანი, ცხემლისი, წაბლანა, წყაროთა, ჭალა, ხაბელაშვილები, ჯაბნიძეები.
პროექტი ხორციელდება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და შუახევის მუნიციპალიტეტის ფინანსური მხარდაჭერით.

► საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრისა და შუახევის კულტურის ცენტრის ერთობლივმა ექსპედიციამ (ხელმძღვანელი - ეთნომუსიკოლოგი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ნატალია ზუმბაძე) 20 აპრილს იმუშავა შუახევის მუნიციპალიტეტის მარეთის ხეობის სამ სოფელში - ოლადაურში, მაწყვალთასა და მახალაკიძეებში. მას მეგზურობდნენ შუახევის კულტურის ცენტრის დირექტორი ვახტანგ ბერიძე და არქივის სპეციალისტი რევაზ ფევაძე.
ოლადაურის ეთნოგრაფიული მუზეუმის მონახულებისა და მის გამგესთან - არჩილ მაკარაძესთან გასაუბრების შემდეგ ექსპედიციის წევრებს შესაძლებლობა მიეცათ, დასწრებოდნენ ერთ-ერთი ადგილობრივი მკვიდრის გარდაცვალებიდან ორმოცდამეთორმეტე დღეს გასამართ წესს სასაფლაოზე და მოესმინათ მისი შვილის დატირება.
მაწყვალთაში შეხვდნენ ტარიელ მაკარაძეს, ლევან და შოთა ფუტკარაძეებს, მერაბ ზოიძეს, რომელთაგანაც ჩაიწერეს სიმღერები (ორირა, შაირები, ნაჲ, ოვრაჲდა), დასაკრავები (ხორუმი, განსაგანა) და ცნობები ზოგიერთი სიმღერისა და წეს-ჩვეულების შესახებ. ამ ადგილობრივ შემსრულებლებს სიმღერაში შეუერთდნენ ვახტანგ ზოიძე კარაპეტიდან და მამუკა ქარცივაძე ოლადაურიდან. ექსპედიციის წევრები გაესაუბრნენ რუსუდან მაკარაძესაც.
მახალაკიძეებში ექსპედიციას დარჩიძეების ოჯახმა უმასპინძლა. აქ ფატი თაფლაძისა და ავთანდილ დარჩიძისგან ჩაწერილ იქნა ხორუმის სიმღერა, ვოსა, ნაჲ-ნაჲ.
მიუხედავად იმისა, რომ შემსრულებელთა საჭიროზე ნაკლები რაოდენობის გამო ვერ მოხერხდა სიმღერების ტრადიციული სახით დაფიქსირება, ექსპედიციის პირველი სამუშაო დღე მაინც ნაყოფიერად შეიძლება ჩაითვალოს.