_DSC1442

ფოლკლორის ცენტრის წარმომადგენლობა და სალოტბარო სკოლა თეთრი წყაროში

13 თებერვალს თეთრი წყაროში საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის წარმომადგენლობა და სალოტბარო სკოლა გაიხსნა. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი დონაძემ და თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბესიკ წიკლაურმა.
ფოლკლორის ცენტრის თეთრი წყაროს წარმომადგენლობა ხელს შეუწყობს ფოლკლორის თითოეული დარგის თანაბარ განვითარებასა და აღორძინებას, ქართული ფოლკლორის ნიმუშების მოძიებასა და მოვლას, უნიკალური ქართული სიმღერისა და ტრადიციული გალობის აღდგენა-გადარჩენასა და პოპულარიზაციას.
სალოტბარო სკოლაში მოსწავლეები, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის სპეციალური პროგრამით, უფასოდ შეისწავლიან ქართული ფოლკლორის თითოეულ დარგს, მათ შორის ქართულ ხალხურ სიმღერასა და ტრადიციულ გალობას. სკოლის დამთავრების შემდეგ კი წარჩინებული მოსწავლეები სწავლას გააგრძელებენ თბილისის გიორგი მთაწმინდელის სახელობის უმაღლეს სასწავლებელში.
თეთრი წყაროს კულტურის სახლში გამართულ სადღესასწაულო ღონისძიებას ესწრებოდნენ: ფოლკლორის ცენტრის სპეციალისტები, კულტურის სფეროსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
კონცერტზე ქართული, ხალხური სიმღერები ფოლკლორულმა ანსამბლებმა -"ლაგუშედამ" და "გუდარეხმა" შეასრულეს.