11 (1)

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში განახლებული დარბაზი გაიხსნა

საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში ისტორიული დარბაზი განახლდა, რომელიც საზეიმოდ გაიხსნა. ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორმა გიორგი დონაძემ ღონისძიებაზე ცენტრის სამი წლის საქმიანობა შეაჯამა და ბოლო წლებში ცენტრის მიერ მიღწეულ შედეგებზე, პრიორიტეტებზე, მიზნებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.


ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დარბაზი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენის ასლია, რომელიც გასული საუკუნის 60-იან წლებში აშენდა. დარბაზის აშენების ინიციატორი მსოფლიოში ცნობილი ბალეტმაისტერი და მოცეკვავე, ქართული ბალეტისა და საბალეტო სკოლის ფუძემდებელი, მამაკაცის კლასიკური ცეკვის რეფორმატორი, ვახტანგ ჭაბუკიანი იყო.


5 (1)განახლებული დარბაზი აღჭურვილია თანამედროვე ხმის ჩამწერი სტუდია-აპარატურით. ადაპტირებულ და კეთილმოწყობილ გარემოში შესაძლებელია სხვადასხვა სახის კონცერტის მაღალ დონეზე ჩატარება.


ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ცენტრის ხუთივე მიმართულების: ხალხური მუსიკის, ტრადიციული გალობის, ხალხური ცეკვის, ზეპირსიტყვიერების, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების საქმიანობის შედეგები (გამოცემები, აუდიოალბომები, ინფორმაცია კომპლექსური ექსპედიციების, კონკურსების, პროექტების შესახებ).


ღონისძიებაზე პირველად გამოიფინა ფოლკლორის ცენტრის არქივში დაცული უნიკალური ექსპონატები. დღესდღეობით, ცენტრის არქივში დაცულია: ქართული ხალხური სიმღერებისა და საგალობლების სანოტო ჩანაწერების დედნები,ზეპირსიტყვიერების ნიმუშები, გამოჩენილ მეცნიერთა შრომები, ფოლკლორის შემოქმედთა ბიოგრაფიები, ოლიმპიადებისა და ფესტივალების აუდიო-ვიდეო და ფოტომასალები. ღონისძიებაზე პირველად გამოიფინა ფოლკლორის ცენტრის არქივში დაცული უნიკალური ექსპონატები.


4როგორც აღინიშნა, 82 წლის წინ დაარსებული დაწესებულების მთავარი მიზანია, ქართული ფოლკლორული მემკვიდრეობის: ხალხური მუსიკის, ცეკვის, ზეპირსიტყვიერების, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების და ტრადიციული გალობის შენარჩუნება-განვითარება, ცენტრის არქივის შევსება და გამდიდრება.


ცენტრმა გამოსცა არაერთი აუდიოალბომი, მეცნიერული ნაშრომი, საგალობლების ანთოლოგია. მოეწყო მნიშვნელოვანი კომპლექსური ექსპედიციები საქართველოს კუთხეებში. დაფუძნდა ორი ყოველწლიური ფესტივალი: ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი „საქართველო“ (2016) და სალოტბარო სკოლების ფესტივალი – „მომავლის ხმები“ (2019).


ფოლკლორის ცენტრის ინიციატივით და მთავრობის მხარდაჭერით განხორციელდა ინფრასტრუქტურული პროექტები. ოზურგეთში, მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით, გარემონტდა ფოლკლორის ცენტრის შენობა თანამედროვე სტანდარტების ინფრასტრუქტურითა და ადაპტირებული პირობებით.


9საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის თანამშრომლები: მთავარი რედაქტორი – ბაია ასიეშვილი და არქივის ხელმძღვანელი ნანა კალანდაძე ღირსების მედლით დააჯილდოვა.


ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის თანამშრომლებთან ერთად ღირსების მედალი გადაეცა გამორჩეულ ქართველ ლოტბარს – დავით უზნაძეს. პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა რეგიონებში სალოტბარო სკოლების გახსნის მნიშვნელობას, ქართული გალობის ანთოლოგიის უნიკალური ტომეულების გამოცემას და ფოლკლორის ცენტრის მხარდაჭერა აღუთქვა.


12 (1)ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ოზურგეთისა და სამტრედიის სალოტბარო სკოლის ბავშვები. საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორის გიორგი დონაძის ინიციატივით (ანსამბლ „ბასიანის“ დამაარსებელი და ხელმძღვანელი, სამების ტაძრის საპატრიარქო გუნდის ერთ-ერთი ხელმძღვანელი), 2015 წლიდან სალოტბარო სკოლების პროექტი ხორციელდება. დღეს უკვე 28 ქალაქში 850 ბავშვი უფასოდ ეუფლება ქართულ ტრადიციულ სიმღერა-გალობას.


11 (1)ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის განახლებულ დარბაზში სხვადასხვა სახის ღონისძიებები მთელი წლის მანძილზე გაიმართება.