ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი, თამარ მამალაძის ნაკვალევზე 100-ზე მეტ სოფელში ექსპედიციებს ჩაატარებს.
ექსპედიციების მიზანია მამალაძის მიერ გასულ საუკუნეში ჩაწერილი მომღერლების პირადი მონაცემების დაზუსტება,დამატებითი მასალებისა და ცნობების (ხელნაწერები, ფოტოები, აუდიო ჩანაწერები და სხვ.) მოძიება.
თამარ მამალაძის მიერ გასული საუკუნის მეორე ნახევარში განხორციელებული საველე კვლევებიდან ნახევარ საუკუნეზე მეტია გასული, თუმცა, სამწუხაროდ, ეს მასალები დღემდე არქივში ინახება და არ არის ცნობილი ფართო საზოგადოებისათვის. მასალა ძალიან ფასეულია მისი მასშტაბურობისა (ათასამდე ხმოვანი ჩანაწერი) და მრავალფეროვნების (ექსპედიციები ფაქტობრივად მთელ საქართველოს მოიცავდა) გათვალისწინებით. სწორედ ეს სძენს მისი გამოცემის იდეას მნიშვნელობასა და აქტუალობას.
ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი, ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტთან თანამშრომლობით გეგმავს ღვაწლმოსილი ფოლკლორისტისა და შემკრების მასალის წიგნად გამოცემას, რომელსაც დაერთვება აუდიო მასალაც. ჩვენი მიზანია საარქივო მასალის აქამდე უცნობი კოლექციების დამუშავება და გამოცემა, რაც საზოგადოებას მისცემს მათზე მაქსიმალური წვდომის საშუალებას.
ამისათვის, გასულ წელს ზემოდ ხსენებული ორი ინსტიტუციის თანამშრომლობით სრულად გაციფრდა ინსტიტუტში დაცული ხელნაწერი და აუდიომასალები, მათ შორის მამალაძის არქივი (აღსანიშნავია, რომ 2000 იანი წლების დასაწყისში თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში გაციფრდა თამარ მამალაძის ფონდის ნაწილი).
პროექტის ხელმძღვანელია სანდრო ნათაძე, ხოლო ექსპედიციის წევრები ნანა მჟავანაძე და თეონა რუხაძე.