_DSC5964

ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი - ფოთი

„საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი 2015-2016“ გრძელდება. ფესტივალის II ტური დასასრულს უახლოვდება, ტურის ბოლო კონცერტს ამჯერად, ფოთმა უმასპინძლა, რომელიც 30-31 მაისს,  ვ. გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სცენაზე გაიმართა. მაყურებლის წინაშე წარსდგნენ  სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიის, აჭარის - ხულოს, შუახევის, ქედის ფოლკლორული ანსამბლები, ინდივიდუალური შემსრულებლები, ქორეოგრაფიული ანსამბლები, მგალობელთა გუნდები, სახალხო მთქმელები.
ფესტივალი მოიცავს ხალხურ სიმღერასა და ცეკვას, საკრავიერ მუსიკას, ტრადიციულ საეკლესიო გალობას, ზეპირსიტყვიერებას, სახვით და გამოყენებით ხელოვნებას. ფესტივალში მონაწილეობს საქართველოში მცხოვრები ყველა ეთნოსი და ეთნიკური ჯგუფი. ფესტივალი 2015 წელს ივნისში, ქალაქ თელავში გაიხსნა და საქართველოს ყველა რეგიონი მოიცვა. წელს კი, ფოლკლორის მოყვარულებს ფესტივალის II ტური, ფინალი და გალა კონცერტი ელის.
შეგახსენებთ, რომ "საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი 2015-2016" საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით ტარდება.