„საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი 2015-2016“ გრძელდება. ფესტივალის II ტურს ამჯერად, თბილისმა უმასპინძლეა, რომელიც 24 მაისს კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე გაიმართა. მაყურებლის წინაშე წარსდგა თბილისის ფოლკლორული ანსამბლები, ინდივიდუალური შემსრულებლები, ქორეოგრაფიული ანსამბლები, მგალობელთა გუნდები, სახალხო მთქმელები.
შეგახსენებთ, რომ "საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი 2015-2016" საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით ტარდება.
მეორე ტურის პირველი კონცერტი 6 აპრილს, თბილისის კონსერვატორიის დიდ დარბაზში შედგა, სადაც კახეთისა და ქვემო ქართლის, 12 აპრილს გორის, გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე - შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის და სამცხე-ჯავახეთის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ქუთაისის შემდეგ, კონცერტები თბილისში, 24 მაისსა (კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი - თბილისის მონაწილეები) და 30-31 მაისს (ფოთის ვ. გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრი - სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიის, აჭარის - ხულოს, შუახევის, ქედის მონაწილეები) გაიმართება. ფესტივალის ფინალი - შოთა რუსთაველის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ორ ნაწილად გაიმართება: 6 ივნისი - ზეპირსიტყვიერება და 27-28 ივნისი - მუსიკა და ქორეოგრაფია.
ფესტივალის ლაურეატებს გამოავლენს კომპეტენტური ჟიური. გამარჯვებულებს გადაეცემათ დიპლომები, პრიზები და ფულადი პრემია.