_DSC1343

ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი - მცხეთა-მთიანეთი

21 ივლისს დუშეთის კულტურის სახლში გაიმართა საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის მცხეთა-მთიანეთის რეგიონული ტური.

ფესტივალის პირველი ნაწილის დასკვნით ტურს დუშეთში დაესწრო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მოადგილე გოჩა ზეიკიძე, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ვაჟა ჩოხელი, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი გიორგი დონაძე.

საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორმა გიორგი დონაძემ და დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ვაჟა ჩოხელმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის საფუძველზეც სექტემბრიდან დუშეთში ამოქმედდება ფოლკლორის ცენტრის წარმომადგენლობა - პირველ ეტაპზე სალოტბარო სკოლა.

შეგახსენებთ: საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნა 4 ივლისს თელავის თეატრში და უკვე ჩატარდა კახეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთისა, სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში.

ყოველ რეგიონში ფოლკლორის ყველა დარგი საკმაოდ წარმომადგენლობითი იყო: ქართული საეკლესიო გალობის გუნდები, ფოლკლორული ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები, ხალხური მთქმელები, ქორეოგრაფიული ანსამბლები, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ოსტატები.

როგორც ყოველთვის, მრავალფეროვნებითა და მრავალრიცხოვნებით გამოირჩეოდა სამუსიკო ფოლკლორი, საეკლესიო გალობა და საოჯახო ანსამბლები (დაახლოებით 120-მდე ანსამბლი და ინდივიდუალური შემსრულებელი), ზეპირსიტყვიერება (60-მდე მთქმელი), სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება (220-მდე ოსტატი). შედარებით მოკრძალებული შედეგი იყო ქორეოგრაფიაში (14 ანსამბლი, ერთი საოჯახო დუეტი და ბავშვთა ორი ანსამბლი კონკურსგარეშე).

მცხეთა-მთიანეთის რეგიონით დასრულდა ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის პირველი, შესარჩევი ეტაპი.

გურიის, იმერეთის, აჭარის, შიდა და ქვემო ქართლის რეგიონების ტურები  სექტემბრიდან განახლდება.

საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი ხორციელდება საქართველოს მთავრობის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მხარდაჭერით. საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრისა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტთა ორგანიზებით.