11011641_908902295838415_5917608161942636806_o

ფილიმონ მგალობლის (ქორიძის) ხსენების დღე

25 ივლისს ქალაქ ოზურგეთში აღინიშნება საქართველოს ეკლესიის წმინდანის, მომღერლისა და მგალობლის, დიდი მამულიშვილისა და საზოგადო მოღვაწის ფილიმონ მგალობლის (ქორიძის) ერისთვის თავდადებულის ხსენების დღე.
ფილიმონ ქორიძემ სიცოცხლის ბოლო წლები ოზურგეთში გაატარა და იქვე აღესრულა. აქვე, ჭადრების ბაღშია მისი სავარაუდო საფლავი და ბიუსტი.
ფილიმონ ქორიძის ხსოვნის პატივსაცემად 24-25 ივლისს შემოქმედის მაცხოვრის სახელობის საკათედრო ტაძარში ჩატარდება საზეიმო წირვა-ლოცვა, შემოქმედელი მიტროპოლიტის იოსებისა და გურიის სამღვდელოების მიერ. ღვთისმსახურებაში მონაწილეობენ როგორც ადგილობრივი მგალობელ-მომღერალთა გუნდები, ასევე მოწვეული მგალობლები დედაქალაქიდან და მახლობელი რეგიონებიდან, კერძოდ: ,,აღსავალი“, ,,ტაო“, კონსერვატორიის მგალობელ გოგონათა გუნდი; ფოლკლორული ანსამბლები: ,,დიდგორი“, ,,იალონი“, ,,ადილეი“, ,,ფერიცვალება“.
საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ მონაწილეები მოინახულებენ ფილიმონ ქორიძის საფლავს და გალობით პატივს მიაგებენ მის ხსოვნას. დღის ბოლოს, ოზურგეთის ალ. წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართება საზეიმო კონცერტი, რომელზეც შესრულდება ფილიმონ ქორიძის მიერ ჩაწერილი და გადმოცემული საგალობლები და ხალხური სიმღერები.
პროექტის მიზანი: საზოგადოება უკეთ იცნობდეს ფილიმონ მგალობლის (ქორიძის) ერისთვის თავდადებულის ცხოვრებას, მის ღვაწლსა და დამსახურებას ქართული გალობის აღდგენა-გადარჩენის საქმეში. მსგავსი ღონისძიებები ხელს შეუწყობს ქართული საეკლესიო გალობის პოპულარიზაციას, მის აღმავლობას, იდენტობის შენარჩუნებას, მომავალი თაობის სიმღერა-გალობით დაინტერესებას. ასევე მეტად მნიშვნელოვანი იქნება რეგიონისთვის, სადაც საზოგადოება განებივრებული არ არის მსგავსი პროექტებით.
პროექტის მხარდამჭერები: საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი, ფონდი „ქართული გალობა", სტუდია ,,მრავალჟამიერი“, ქ.ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია და გამგეობა, გურიის სამხარეო გუბერნია.