25 მაისს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში გაიხსნება საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა - „ტრადიციების გაცოცხლება".
გამოიფინება სხვადასხვა პროფესიის ავტორთა - გამოყენებითი ხელოვნების ოსტატთა - ნამუშევრები: თეიმურაზ ჯალაღანიას (მუსიკოსი) - ხანჯლები,ხმლები, დამბაჩები, ფარები, ჯაჭვის პერანგები, ჩაჩქანები; დავით ჩალათაშვილის (მსახიობი) და ბექა ჭახელიძის (მთარგმნელი) ტყავის მხატვრული დამუშავების ნიმუშები.
ქართველ ერს უძველესი მატერიალური კულტურა აქვს. მისი ბრწყინვალე ნიმუშები შექმნილია ქვასა და ხეში, ძვალსა თუ რქაში, რკინასა და ვერცხლში. ლითონს უძველესი დროიდან იყენებდნენ იარაღისა და ჭურჭლის დასამზადებლად. იარაღი ოდითგანვე ქართველი კაცისთვის არა მარტო თავდაცვითი საშუალება, არამედ მისი სამოსელის მშვენება, მისთვის ღირსების, შნოს და ლაზათის შემმატებელი იყო.
საჭურველს სხვადასხვა ხერხით ამზადებდნენ: ჭედვა, ტვიფვრა, რჩილვა, ფაქიზად კვერვა. ზედაპირსაც, შესაბამისად, ოსტატურად კაზმავდნენ ცვარათი ანუ გავარსით, წნულითა და გრეხილი ფორმებით. ყველა ეს ხერხი და სახეობა გამოყენებულია თანამედროვე ოსტატის თეიმურაზ ჯალაღანიას მიერ.
დღეს საქართველოში ქართული უნაგირი და ლაგამი თითქმის არ შემორჩენილა. არსებობს უფრო ზოგადკავკასიური თავისი სახეობებით -საბრძოლო, სამგზავრო და ა.შ. უნაგირის ოსტატი დავით ჩალათაშვილი უნაგირებისა და ლაგმების მოსართავად საჭირო ყველა აქსესუარს თავად ამზადებს.
შესანიშნავია ბექა ჭახელიძის მიერ შესრულებული ტყავის დეკორატიული ნიმუშები: ტყაპუჭები, საფენები, ქუდები და სხვა.
გამოფენა გაიხსნება 19:00 საათზე
დაიხურება 3 ივნისს.